აზერბაიჯანი-რუსეთი

ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა

ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სააგენტოს ოფისის შენობა სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული. სამინისტრო დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.


29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები