ვერანაირი პროტესტები ვერ იქნება სახელმწიფოზე ძლიერი. თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა 28 ივნისის საღამოს.
სერბეთის პირველი პირის თქმით, საპროტესტო აქციები "სერბეთის ისტორიაში პირველი შეკრებაა, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს".
ვუჩიჩმა სამართალდამცავებთან მომიტინგეების შეტაკების შესახებაც ილაპარაკა:
"21:00 საათზე წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევა დაიწყო, როდესაც მომიტინგეების ნაწილი პოლიციას დაესხა თავს. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ წესრიგი დაემყარებინათ. ამ დროისთვის დაშავებულია 48 პოლიციელი".
პრეზიდენტის მტკიცებით, "განვლილი 7 თვის განმავლობაში მომიტინგეებს ქალაქის მოსახლეობა ტერორში ჰყავდათ".
ვუჩიჩმა ხაზგასმით თქვა, რომ პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევაში დაპატიმრებები გაგრძელდება.
28 ივნისს სერბეთში სამართალდამცავებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.
ასობით პოლიციელი ბელგრადში სამთავრობო შენობებისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მობილიზებული, სადაც სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერები კონტრაქციის ჩასატარებლად შეიკრიბნენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ზოგიერთი დემონსტრანტი ვუჩიჩის მხარდამჭერებთან დაპირისპირებას ცდილობდა და სამართალდამცველებს ბოთლებს და ქვებს ესროდა.
დედაქალაქის რამდენიმე უბანში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ძალა გამოიყენა.
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დრაგან ვასილიევიჩის თქმით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო შეტაკებების დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა.
ვუჩიჩმა Instagram-ზე დაწერა, რომ დემონსტრანტებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. "მათ სურდათ სერბეთის დამხობა და მათ ეს ვერ შეძლეს". - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პროტესტის უკან უცხო ქვეყნის ძალები დგანან.
პროტესტის დაწყებამდე, პოლიციამ დაახლოებით ათი ანტისამთავრობო აქტივისტი დააკავა და მათ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ტერორიზმში დასდო ბრალი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩის თქმით, პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ყველა საჭირო ზომას გაატარებს.





