რუსული რეჟიმი

39 შვედური ორგანიზაცია ოცნებას: შეწყვიტეთ კანონების დაშინების ინსტრუმენტებად გამოყენება

Getty

39 შვედური არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ "სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლისა და მისი სამართლებრივი დაშინების" მცდელობების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს. 

ორგანიზაციები განცხადებაში ხაზს უსვამენ ივანიშვილის რეჟიმის ბოლოდროინდელი რეპრესიების სიმწვავეს, მათ შორის, "FARA"-ს კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების გამოყენებით. მათი თქმით, რეჟიმის ეს ქმედებები "დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ ამბიციებს ძირს უთხრის". 

შვედური არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ოცნებას სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მოითხოვენ, რომ კანონები ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისობაში იყოს გამოყენებული და არა, როგორც დაშინების ინსტრუმენტი. 

განცხადების ბოლოს შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართულ სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ევროკავშირსა და ბლოკის წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიას იცავს. 

39 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

2025 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოს რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო სასამართლო ბრძანებები, რომლებიც მათგან უაღრესად სენსიტიური მონაცემების გამჟღავნებას მოითხოვდა, მათ შორის, ბენეფიციარების პირად მონაცემებს, იურიდიული დახმარების მიმღებთა ინფორმაციას, ტრენინგების მონაწილეთა მონაცემებსა და საჯარო ღონისძიებებზე დამსწრეთა შესახებ ინფორმაციასაც კი. ეს მოთხოვნები ანტიკორუფციულმა ბიურომ ახლახან შეცვლილი კანონმდებლობის საბაბით წამოაყენა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბრძანებებს სამართლებრივი დასაბუთება არ აქვთ, კანონს რეტროაქტიულად იყენებენ და მიზანში იღებენ ორგანიზაციებს მათ მიერ ლეგიტიმური და უფლებებზე დაფუძნებული საქმიანობის შესრულების გამო. 

ეს საშიში ნაბიჯია. კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების იძულება არღვევს კონფიდენციალურობის, იურიდიული დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ეს ასევე ცუდ სიგნალს აგზავნის ყველასთვის, ვინც უფლებების დასაცავად, მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ან დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებისთვის მუშაობს. 

პარალელურად, მთავრობის მიმართ კრიტიკულ პირებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, სასამართლოში იბარებენ ახალი ბრალდებით, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მიმართ ონლაინ "შეურაცხყოფის" კრიმინალიზებას ახდენს. ეს სამართალწარმოება, რომელიც სოციალური მედიის პოსტებს უკავშირდება, გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის და კრიტიკული აზრის ჩახშობის უფრო ფართო ტენდენციას აძლიერებს. 

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მოვლენები არ არის იზოლირებული ინციდენტები. ისინი იმ მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ ამბიციებს ძირს უთხრის. 

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იურიდიული ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ გამოხატვის უფლებას იყენებენ. 

  • უზრუნველყოს, რომ კანონები იყოს გამოყენებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობით და არა დაშინების ინსტრუმენტებად.

  • კვლავ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, გაერთიანების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისადმი. 

ჩვენ ასევე ვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, რომ ხმა აიმაღლონ და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიას იცავს. 

ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება არ არის საფრთხე. ეს არის ნებისმიერი საზოგადოების ქვაკუთხედი, რომელიც დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. 

შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირი კვლავაც აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას საქართველოსა და მთელ რეგიონში.

კომენტარები