იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის, თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ირანის წინააღმდეგ გამოჩენილი სიმტკიცე აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიმართაც უნდა გამოიჩინოს.
"ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ველაპარაკე, რომელსაც ვუთხარი, რომ მსგავსი სიმტკიცე საჭიროა სხვა ორი მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევადაც. ერთი უკრაინაში, სადაც რუსეთს, როგორც ჩანს, არ სურს არანაირი ნაბიჯის წინ გადადგმა, და ერთიც - ღაზაში." - თქვა მელონიმ NATO-ს ჰააგის სამიტზე რეპორტიორებთან საუბრისას.
"მე მჯერა, რომ ალიანსის ერთიანობა და მზადყოფნა, თავი გაიძლიეროს უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელშიც ვიმყოფებით," დაამატა მან.
NATO-ს ჰააგის სამიტზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ძირითადი საჭიროებებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის წლიურად მშპ-ის 5%-ს გამოყოფენ.
ამასთანავე, დეკლარაციაში ჩანაწერი გაკეთდა უკრაინაზე, რის მიხედვითაც, NATO-ს ქვეყნები ადასტურებენ ვალდებულებას, დახმარება გაუწიონ უკრაინას და ალიანსი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოება NATO-ს უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს.
"მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებას, რათა დახმარება გაუწიონ უკრაინას, რომლის უსაფრთხოებაც ხელს უწყობს ჩვენსას [უსაფრთხოებას], და ამ მიზნით, მოკავშირეების თავდაცვის ხარჯის გამოთვლისას ისინი გაითვალისწინებენ უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისადმი პირდაპირ დახმარებასაც." - წერია დეკლარაციაში.
ამას გარდა, ჰააგის სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან "ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა" ჰქონდა, რის ფარგლებშიც მათ განიხილეს, თუ როგორ მიაღწიონ "ცეცხლის შეწყვეტასა და რეალურ მშვიდობას".





