ირან-ისრაელის კონფლიქტი

ნეთანიაჰუ: თუ ირანი შეეცდება ბირთვული პროგრამის განახლებას, იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ირანთან ისრაელის 12-დღიანი კონფლიქტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისრაელმა "ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია" და ირანის ბირთვული პროგრამა "წყალს გაატანა". 

"თუ ვინმე ირანში კვლავ შეეცდება პროგრამის განახლებას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა" – ამბობს ნეთანიაჰუ. 

ნეთანიაჰუს მიხედვით, ისრაელმა გაანადგურა ორი ეგზისტენციური საფრთხე - ირანის მიერ ბირთვული იარაღისა და 20 000-მდე ბალისტიკური რაკეტის შექმნის გეგმა. მისი თქმით, თუ ისრაელი ახლა არ იმოქმედებდა, მალე განადგურების საფრთხის წინაშე იქნებოდა. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის და ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშისთვის. 

"ისრაელს არასდროს ჰყოლია პრეზიდენტი ტრამპისნაირი მეგობარი თეთრ სახლში და მე მას დიდ მადლობას ვუხდი ერთობლივი მუშაობისთვის" – თქვა ნეთანიაჰუმ. 

ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტი ოფიციალურად 24 ივნისს დასრულდა.

კომენტარები