ირან-ისრაელის კონფლიქტი

"გასაქცევად 12 საათი გაქვს" – WP მოსადის აგენტისა და ირანელი გენერლის საუბარს ავრცელებს

Majid Asgaripour/West Asia News Agency/Reuters

გამოცემა Washington Post ისრაელის დაზვერვის თანამშრომლისა და ირანელი გენერლის საუბრის ჩანაწერს ავრცელებს.

WP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 13 ივნისს ირანის წინააღმდეგ იერიშების პირველი ტალღის დაწყებიდან და სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ბირთვული მეცნიერების დახოცვიდან რამდენიმე საათში ისრაელის დაზვერვამ თეირანის რეჟიმის დესტაბილიზაციისთვის სამხედრო მეთაურების დაშინების ფარული ოპერაცია დაიწყო. 

გამოცემასთან სამმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ისრაელის დაზვერვის თანამშრომლებმა, რომლებმაც სპარსულად საუბარი იციან, ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებს ტელეფონზე დაურეკეს. აგენტებმა გენერლები გააფრთხილეს, რომ ისინიც დაიხოცებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ აიათოლას რეჟიმის მხარდაჭერას არ შეწყვეტდნენ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, თანამშრომლები 20-ზე მეტ ფიგურას დაუკავშირდნენ. 

13 ივნისს ჩაწერილ საუბარში დაზვერვის თანამშრომელი გენერალს მისი და მისი ოჯახის განადგურებით ემუქრება და 12 საათს აძლევს ვიდეოს ჩასაწერად, რომელშიც ირანის რეჟიმს გააკრიტიკებს და იტყვის, რომ რეჟიმს ჩამოსცილდა.  

დაზვერვის თანამშრომელი გენერალს ეუბნება, რომ ისრაელმა მოკლა IRGC-ის მეთაური, ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, მოჰამედ ბაღერი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი და "სათითაოდ ჯოჯოხეთში გააგზავნა". შემდგომ კი გენერალს ემუქრება, რომ ისიც მათ ბედს გაიზიარებს, თუკი შემდეგი 12 საათის განმავლობაში არ ჩაწერს ვიდეოს, რომელშიც ირანის რეჟიმს ჩამოსცილდება. 

უცნობია, ასეთი ვიდეო ნამდვილად არსებობს თუ არა. WP-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჩანაწერში მონაწილე გენერალი კვლავ ცოცხალია და ირანში იმყოფება. თუმცა, მეორე წყაროს თანახმად, ოპერაციის მთავარ ამოცანას თეირანის ხელმძღვანელობის შეშინება და დაბნევა წარმოადგენდა. 

WP ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფარული ოპერაცია მიზნად ისახავდა მეორე და მესამე რგოლის სამხედრო მეთაურების შეშინებას, რომლებსაც შესაძლოა მოკლული მაღალჩინოსნების თანამდებობა დაეკავათ, რაც ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის თანამდებობებზე შესაბამისი პირების შერჩევას გაურთულებდა. 

"მეორე რგოლის ხელმძღვანელობა, რომელმაც პოზიციები უნდა დაიკავოს და შეავსოს მათი ადგილი, ვინც დაიხოცა, თავზარდაცემულია. პიროვნულ დონეზე ახსოვთ, თუ რა მოუვიდათ ნასრალას მემკვიდრესა და ასევე ჰეზბოლას მეთაურების მემკვიდრეებს, რომლებიც ასევე განადგურდნენ". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ WP-სთან საუბრისას. 

ცნობისთვის, გასული წლის 27 სექტემბერს ისრაელის დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, ხოლო შემდგომ ისრაელმა მისი შესაძლო მემკვიდრე მოკლა.

"ხამენეი სერიოზულ სირთულეებს აწყდება ოპერაციის ფარგლებში მოკლული მაღალჩინოსნების პოზიციებზე გამგრძელებლების ნომინირებისას. ეს რომ წარმატებით გააკეთოს კიდეც, მემკვიდრეები იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად არ აურჩევია, რადგან უფრო სერიოზული პირები პოსტის დაკავებაზე უარს ამბობენ". - თქვა წყარომ გამოცემასთან. 

WP წერს, რომ ჩანაწერი ისრაელელმა პირმა მოიპოვა, რომელმაც ის შემდეგ მათ გაუზიარა და უთხრა, რომ ჩანაწერში მხოლოდ ისრაელელი აგენტის ხმა შეცვალა, რათა მისი ვინაობა დაეფარა. გამოცემის თანახმად, მოსაუბრე გენერლის ვინაობა დაადგინეს, თუმცა არ ასაჯაროვებენ და ვინაობის დასაფარად ჩანაწერიდან მისი ხმა ამოჭრეს. 

WP ჩანაწერთან ერთად საკუთარ ინგლისურენოვან თარგმანს ავრცელებს. 

ტაბულა წარმოგიდგენთ საუბრის სრულ თარგმანს: 

- მეთაურო [ამოჭრილია], გამარჯობა

- ალო? 

- მეთაურო [ამოჭრილია], გამარჯობა. გესმით ჩემი ხმა?

- და თქვენ ვინ ხართ?

- მე ვრეკავ ქვეყნიდან, რომელმაც ორი საათის წინ სალამი, ბაღერი და შამხანი ჯოჯოხეთში გაგზავნა, ახლა რაც შეგეხება შენ [...] 

[ამოჭრილია] არის ხაზზე? ჩართეთ ხაზზე. 

ახლა გესმის ჩემი?

- ვინ ხართ თქვენ?

- ყურადღებით მისმინე. მე ვრეკავ ქვეყნიდან, რომელმაც, აგიხსნი, მომისმინე ყურადღებით, მე ვრეკავ ქვეყნიდან, რომელმაც ორი საათის წინ ბაღერი, სალამი, შამხანი, სათითაოდ გაგზავნა ჯოჯოხეთში. ერთადერთი რჩევა, რომელსაც ახლა გაძლევ, შემიძლია ახლა გირჩიო, რომ შენს ცოლთან და შვილთან ერთად გასაქცევად 12 საათი გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ჩვენს სიაში ხარ ახლა. შენ, [ამოჭრილია], ყველა თქვენგანი, სათითაოდ ხართ სიაში, რომელსაც ახლა ვუყურებ და თქვენ ხართ ჩვენი შემდეგი სამიზნეები. ჩვენ მიწით დაგარტყამთ თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს შვილებს, ყველას. მხოლოდ იმისთვის დაგირეკე, რომ მეთქვა, ნახე, სანამ დროა, სიკვდილის განაჩენს გადაგივადებ, როგორც ვთქვი, ამ წუთიდან, რაც შენ დაგელაპარაკე, 12 საათი გაქვს დარჩენილი გასაქცევად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალო. 

შენთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე შენი კისრის ვენა, შეიგნე ეს. ღმერთმა დაგიფაროს. 

- არ გიპასუხია. 

- გითხარი, ძმაო.

- ალო?

- ახლახან ნათლად აგიხსენი.

- რა თქვი?

- გითხარი, არა? სიკვდილის განაჩენი გადაგივადე.

- რა ადგილები აიღეთ? რა ადგილები აიღეთ?

- რა ადგილი ავიღე? ყველა ეს ველური, ყველა ეს ადამიანი, როგორიც არის სალამი, იმ ადგილას გავუშვით, სადაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყვნენ. გინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო? გინდა, რომ სიაში შემდეგი იყო? ასევე გინდა, რომ შენი ცოლ-შვილი გაანადგურო? არა, ჰო?

- და რა უნდა გავაკეთო ახლა?

- გეუბნები ახლა. შეთავაზება მოგეცი. დაგირეკე. გითხრა?

- თქვი.

- 12 საათი გაქვს ვიდეოს ჩასაწერად, რომელშიც ამბობ, რომ წახვედით ამ მთავრობიდან და არ გსურთ, თქვენი სიცოცხლეები იმ ხალხს შესწიროთ, რომლებიც თქვენს ქვეყანას 46 წლის განმავლობაში ანადგურებდნენ. ისინი მხოლოდ ხოცავდნენ, იპარავდნენ, იტაცებდნენ, ამ ქვეყნის ბავშვებს ანაკუწებდნენ.

- როგორ გამოგიგზავნოთ? 

- Telegram-ის ID-ს გამოგიგზავნი, გამოგზავნე. 

- მიპასუხე, მიპასუხე.

- გამოგიგზავნი, SMS-ით გამოგიგზავნი ახლა. 

- სად გამოაგზავნი SMS-ით?

- შენი ნომერი მაქვს. მისმინე, შენზე ყველაფერი გვაქვს, როგორც ჩანს, ვერ გაიგე. ნათელია, რომ ისიც არ გესმის, სად ხარ ახლა. გეუბნები, რომ ყველა თქვენს ლიდერს დავარტყით, ცაში აფრინდნენ, ფერფლად ვაქციეთ. ახლა აქ ზიხარ და ფიქრობ, რომ მელაპარაკები [...] გირეკავ, რომ შენი ცოლ-შვილის გადასარჩენად შეთავაზება მოგცე, საცოდავო. დაბნეული ხარ?

- იმას ვამბობ, როგორ უნდა გამოგიგზავნო-მეთქი?

- ვამბობ, რომ მე გამოგიგზავნი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი და მეცნიერი დახოცა. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

კომენტარები