ჩორჩანას საქმე

გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს

გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს - ამის შესახებ კომისიაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა გახარიას გამოუცხადებლობის გამო იმსჯელეს და მისთვის, კომისიის მუშაობის ვადებიდან გამომდინარე, მაქსიმალური თარიღის შეთავაზება გადაწყვიტეს. 

"16 ივნისს თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ, თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას ამ დროს არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ ვერ მოვიდოდა, არ მოვიდოდა ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა.

[...] ამის შემდეგ, 2 დღის წინ, სამდივნოს უკავშირდება წარმომადგენელი და ეუბნება, რომ გახარიამ ქვეყანა დატოვა და ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან თხოვნა იყო, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება და მომდევნო დღეს ჩაერთვება, რადგან არაერთი კვირის მანძილზე არ დაბრუნდება.

შემდეგ თქვეს, რომ 23-ში ჩაერთვება. ამის შესახებ ვისმჯელეთ. [...] გაეგზავნა პასუხი, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო კომისიაზე 12:00-ზე. პირველის ნახევარია და ის არ არის მობრძანებული. 

[...] მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ის რამდენიმე კვირით არის წასული, ბევრი შეხვედრა აქვს და ა.შ., მაგრამ ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმე არის ის, რომ დავიბაროთ. 2 ივლისი უკიდურესი ვადაა" - ამბობს თეა წულუკიანი. 

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული, გამოკითხვის თემა ჩორჩანას საგუშაგოს უკავშირდებოდა.

გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხება.

კომენტარები