პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, გიორგი გახარია მზადაა ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ წარსდგეს, თუმცა ის საზღვარგარეთ იმყოფება.
მათი თქმით, კომისიას ორჯერ აცნობეს წერილობით, რომ გიორგი გახარია მზადაა მონაწილეობა დისტანციურ რეჟიმში მიიღოს, რაზეც კომისია უარს აცხადებს.
"კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული." - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ცნობით, გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება.
გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედაა დაბარებული. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.





