ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 20 ივნისს ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრა გამართა.
ეს დასავლელ და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის ირან-ისრაელის კონფლიქტის დაწყებიდან პირველი პირისპირი შეხვედრა იყო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა გამოცემა Axel Springer Global Reporters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპელი მაღალჩინოსნების ძალისხმევა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ირანთან დიპლომატიის არ სწამს".
"დღემდე ყველა დიპლომატიური ძალისხმევა წარუმატებელი იყო. ისინი ძირითადად ამ მოლაპარაკებებს მოსატყუებლად და დროის დასახარჯად იყენებენ". - თქვა საარმა.
საარის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს უკვე ელაპარაკა და შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, იოჰან ვადეფულსაც ელაპარაკოს.
ევროპული მხარის მიერ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის მისაღწევად საჭირო საშუალებები განიხილეს" და ხელახლა გამოხატეს შეშფოთებები ბირთვული პროგრამის გაფართოების შესახებ, რომელსაც "არანაირი სარწმუნო სამოქალაქო გამოყენება არ აქვს".
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თქვა, რომ დისკუსიის დროს "ცხადად გამოხატეს: ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება". მისივე თქმით, სურთ, რომ "ირანთან მიმდინარე დისკუსიები და მოლაპარაკებები გააგრძელონ და ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ".
"დღეს მიღწეული დადებითი შედეგი ის არის, რომ ოთახს ვტოვებთ შთაბეჭდილებით, რომ ირანული მხარე ფუნდამენტურად მზად არის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საუბრის გასაგრძელებლად". - თქვა გერმანიის საგარეო მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.
გარდა ამისა, არაღჩიმ რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ მომავალში კვლავ შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა "სერიოზული შეშფოთება" გამოხატა იმის გამო, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები არ დაგმეს.
შეხვედრამდე არაღჩიმ თქვა, რომ ირანს აშშ-სთან "განსახილველი არაფერი აქვს", სანამ ისრაელს ირანზე იერიშები მიაქვს, თუმცა მზად არის, რომ სხვებთან არა "მოლაპარაკებები", არამედ "დიალოგი" ჰქონდეს.
ირანული სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში არაღჩიმ თქვა, რომ "დღევანდელი გარემოებების ფონზე და მანამ, სანამ სიონისტური რეჟიმის თავდასხმები გრძელდება", ირანი "არ აპირებს მოლაპარაკებებს არავისთან". მისივე თქმით, განსახილველი არაფერი აქვთ "აშშ-სთან, რომელიც ამ დანაშაულების თანამონაწილეა".
"რაც შეეხება სხვებს, თუ მათ დიალოგი სურთ და არა მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა უაზროა, ამასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს". - თქვა არაღჩიმ.
ირანის საგარეო მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ირანს "მხოლოდ ბირთვულ საკითხზე და რეგიონულ საკითხებზე" ექნება დისკუსია და რაკეტებთან დაკავშირებით არავისთან არ გამართავს საუბრებს.
ევროპელ თანამდებობის პირებთან შეხვედრამდე არაღჩი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე წარსდგა. ის ირწმუნებოდა, რომ ისრაელის "თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზე სერიოზული ომის დანაშაულებია". მისივე მტკიცებით, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ "ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მთელი ძალით" დაიცვან.





