ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები 2025

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და იქვე ამატებს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში "ექსტრემიზმს აფინანსებდა". 

"რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდშიც იყო მცდელობა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო. ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იცით ამის თაობაზე ხო, იგივე ტაბულა, მომავლის აკადემია, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება". - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას, კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწვევას არ აპირებენ. ივანიშვილს წარმომადგენელი აღნიშნულს ზოგადი პრაქტიკით ხსნის.

"რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე - "ანუ, არ აპირებთ მოწვევას?", კობახიძემ უპასუხა "ნუ ნერვიულობთ".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით". - თქვა კობახიძემ.

18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართული ოცნების წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ბრიტანეთი ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მთავრობა თავად უჭერდა მხარს აღნიშნულ აქტივობებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია" . - დაწერა საელჩომ.


ცნობისთვის, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა. 

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას". 

ტაბულამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა, რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.

ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბირტანეთის საელჩო და ელჩი გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა და უორდისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცლებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმოამდგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.

ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.

ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

კომენტარები