დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართული ოცნების წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ბრიტანეთი ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მთავრობა თავად უჭერდა მხარს აღნიშნულ აქტივობებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო კატეგორიულად არ ეთანხმება ამ საქმიანობის აღწერას, როგორც "პროპაგანდისა და ექსტრემიზმის" დაფინანსებას. "ეს არ შეესაბამება სიმართლეს" - წერს საელჩო.
"დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.
ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში.
საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც "პროპაგანდისა და ექსტრემიზმის" დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.
ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას". - წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო.
ცნობისთვის, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.
საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
ტაბულამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა, რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.
ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბირტანეთის საელჩო და ელჩი გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა და უორდისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.
პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცლებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმოამდგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".
გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.
"ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ" - თქვა პაპუაშილმა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩისგან პასუხები მოითხოვა, "რატომ ერეოდა ის არჩევნებში".
"ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი,იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ". - თქვა ივანიშვილის წარმოამდგენელმა.
ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.
ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.





