აშშ-ირანი

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, ერაყში აშშ-ს საელჩო შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ერაყში აშშ-ს საელჩო შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ერაყის უსაფრთხოების სამსახურის და ამერიკელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამდა, თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა. 

"სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ ბაღდადიდან აშშ-ს საელჩოს [პერსონალის] გაყვანა ბრძანოს. მათი მიზანია, რომ ეს კომერციული გზებით მოხდეს, თუმცა დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ამაში აშშ-ს არმიაც ჩაერთვება". - თქვა ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. 

კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, კატარში, აშშ-ს საჰაერო ძალების ალ უდეიდის ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა, ოპერაციები არ შეცვლილა. მისივე თქმით, კატარში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის ევაკუაციის ბრძანებაც არ გაცემულა. 

"მეორე მხარის რამდენიმე ოფიციალური პირი კონფლიქტით იმუქრება, თუ მოლაპარაკებები ნაყოფს არ გამოიღებს. თუ ჩვენს წინააღმდეგ კონფლიქტი დაიწყება, ყველა ამერიკული ბაზა ჩვენთვის მისაწვდომია და მასპინძელ ქვეყნებში ჩვენ თამამად დავესხმებით მათ თავს". - ამბობდა ირანის თავდაცვის მინისტრი 11 ივნისს პრესბრიფინგზე. 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე გაუხმოვანებია მუქარა, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუ მათ შორის ახალი ბირთვული შეთანხმება მიღწეული არ იქნება. 

ცნობისთვის, ტრამპმა ორშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 11 ივნისს, გამოქვეყნდა, თქვა, რომ ის უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებული იყო, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. 

9 ივნისს რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ირანის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებები "რთული" იყო. 

ამავდროულად, Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისი აზრით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს და მაშასადამე, იგი ამ ეტაპზე სამხედრო ნაბიჯების გადადგმას ეწინააღმდეგება. 

გამოცემის წყაროების ცნობით, 40-წუთიანი ზარის განმავლობაში, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ირანელები ექსპერტები არიან პროცესის გაჭიანურებაში და მაშასადამე, საჭიროა, რომ ირანმა სარწმუნო სამხედრო საფრთხე იგრძნოს. 

ივნისის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა მოითხოვს, რომ ირანმა სრულად განაიარაღოს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. 

ხოლო ირანის რეჟიმის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, თავის მხრივ თქვა, რომ შშ-ს წინადადება ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის. 

"დამოუკიდებლობა აშშ-სა და ამერიკისნაირების მხრიდან მწვანე შუქისთვის არ დალოდებას ნიშნავს". - თქვა ხამენეიმ და დაამატა, რომ ამერიკული მხარის წინადადება "100%-ით ეწინააღმდეგება" 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეალებს. 

კომენტარები