აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული დებულებებიც შეიტანოს. მისი თქმით, ეს იყო გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სურვილიც.
"რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების კანონპროექტში უნდა დაამატონ. ეს არის ის, რაც ლინდსის სურდა და ეს მოხება. მნიშვნელოვანია!!!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მანამდე ტრამპს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული პუნქტების დამატებას მხარს უჭერს. ამავე დროს, მან მიანიშნა, რომ დოკუმენტს ხელსაც მოაწერს.
კანონპროექტის ავტორები იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. აშშ-ის სენატში არაერთმა კანონმდებელმა მოითხოვა მისი დამატებითი ცვლილებების გარეშე სწრაფად განხილვა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს უკვე 60-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს, რაც მის მიღებას უზრუნველყოფს.
გასულ კვირას სენატში კანონპროექტის განახლებული ვერსიის დეტალებიც გაასაჯაროეს.
აღნიშნული სანქციების პაკეტი ტრამპს საშუალებას მისცემს, ძლიერი იმპორტის ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, ურანს და ბუნებრივ აირს ყიდულობენ, უკრაინასთან ომში მოსკოვის კიდევ უფრო დასუსტების მიზნით.





