რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება" – ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.

მისი თქმით, ვიზიტის მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვისა და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაა.

"უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლიათ. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. მშვიდობა უფრო ახლოს უნდა იყოს." – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "მთელი უკრაინის სახელით" პატივს მიაგებს აშშ-ს სენატორის, ლინდსი გრემის, ხსოვნას და გაიხსენებს "მის ძალისხმევას ევროატლანტიკურ რეგიონსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად".

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი 28 ივლისს თეთრ სახლში ცალ-ცალკე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრების მთავარი თემები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები იქნება.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ზელენსკისთან შეხვედრაზე მიწვეულია აშშ-ს სენატის ყველა, ასივე წევრი. შეხვედრა იმ პერიოდში იმართება, როდესაც კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები