აშშ-საქართველო

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან "საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო". 

"ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.

როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი" - რადიო თავისუფლების ცნობით, მათ წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა 28 ივლისს.

რადიო თავისუფლების ცნობით, მათ საელჩოს შეკითხვებით მიმართეს და კომენტარის გაკეთება სთხოვეს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე, ასევე შსს-ს სიძულვილის ენის საამმართველოს შექმნასა და მის მუშაობასთან დაკავეშირებით, ასევე ჰკითხეს, "როგორ აფასებს აშშ-ის საელჩო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მოპყრობა". 

კომენტარები