ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა დააკავა ტუნბერგის ნავი, რომელიც ღაზის სექტორის ბლოკადის დარღვევას ცდილობდა

State of Israel/Instagram

ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ნავზე, მათ შორის, შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი იმყოფება.

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული. ხომალდზე მყოფ 12 აქტივისტს შორის ტუნბერგი, ასევე ბრაზილიელი აქტივისტი ტიეგო ავილა და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანი არიან.

აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ "ნავზე არსებული მცირე რაოდენობის დახმარება, რომელიც "ვარსკვლავებმა" არ მოიხმარეს, ღაზას რეალური ჰუმანიტარული არხების გავლით გადაეცემა".

სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი ისრაელის ნაპირისკენ მიემართება, ხოლო მგზავრები უსაფრთხოდ არიან და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან.

"ისინი სენდვიჩებით და წყლით მომარაგდნენ. შოუ დასრულდა". - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოგვიანებით, ისრაელმა სოციალურ ქსელში ტუნბერგის ფოტო გაავრცელა.

"გრეტა ტუნბერგი ამჟამად ისრაელში მიდის, უსაფრთხოდ არის და კარგ ხასიათზეა". - წერია პოსტში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა არმიას უბრძანა, რომ ისრაელის ბლოკადის დარღვევის საშუალება არ მისცენ შვედი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის ნავს, რომლის მისიაც ღაზის სექტორამდე ჩაღწევაა. 

"მე IDF-ს მივუთითე, ისე იმოქმედონ, რომ Madleen-მა ღაზამდე ვერ მიაღწიოს. ანტისემიტ გრეტასა და მის მეგობრებს გარკვევით ვეუბნები: უკან უნდა გაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ," - განაცხადა კაცმა. 

"ისრაელის სახელმწიფო არავის მისცემს საშუალებას, დაარღვიოს ღაზაზე არსებული საზღვაო ბლოკადა, რომლის უპირველესი მიზანიც შეიარაღების მიწოდების აღკვეთაა ჰამასისთვის - მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, რომელსაც ჩვენი მძევლები ჰყავს და რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის," - დაამატა მან. 

კომენტარები