დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

NBC News: ტრამპი მასკთან საუბრით დაინტერესებული არ არის

NBC News თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს რომ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ, ილონ მასკთან საუბრით "დაინტერესებული არ არის".

"არა, ჩემი აზრით, მასთან საუბარი ცოტა ხანს არ მექნება". - თქვა ტრამპმა CNN-თან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც Politico-ს ინფორმაციით, ილონ მასკთან სატელეფონო საუბარი იგეგმებოდა, თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, სუზი ვაილსმა NBC News-თან განაცხადა, რომ "დღეს მსგავსი გეგმები არ არის". 

მასკსა და ტრამპს შორის საჯარო კონფლიქტი 3 ივნისს დაიწყო, როდესაც მასკმა X-ზე ტრამპის კანონპროექტი გააკრიტიკა და მას "გულისამრევი საშინელება" უწოდა. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა ტრამპსა და მასკს შორის თავდაპირველად უწყინარ უთანხმოებად აღიქმებოდა, გადასახადების შემცირებას და გარკვეულ სფეროებში (თავდაცვა, სასაზღვრო დაცვა) მთავრობის დანახარჯების ზრდას, ხოლო დანარჩენში (სუფთა ენერგია, ელექტრომობილების სუბსიდიები) – შემცირებას ითვალისწინებს. 

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ილონ მასკი, რომელმაც ტრამპის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის $300 მილიონამდე დახარჯა, ფიქრობდა, რომ კანონპროექტი სინამდვილეში ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გამოიწვევდა. 

დაპირისპირების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - "დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

კომენტარები