6 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, სახლები, ავტომანქანები და მეტროპოლიტენის რკინიგზა.
იერიშის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი. დაღუპულთაგან 3 უკრაინის სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.
"კიევში მტრის დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის მსვლელობისას დაიღუპა სამაშველო სამსახურის 3 წევრი. ისინი ხალხის დახმარებას იერიშის დროს აგრძელებდნენ. ასევე არიან მძიმედ დაჭრილებიც, ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან". – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

სოლომენის რაიონში მეტალის ანგარში, დაახლოებით 500 კვადრატული მეტრის ფართობის ხანძარი გაჩნდა. მაშველები ცეცხლის ჩაქრობაზე მუშაობენ. ასევე ცეცხლი წაეკიდა ბინას მე-11 სართულზე, 16-სართულიან შენობაში.
დარნიცის რაიონში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა. დაზიანებულია 2 ავტომანქანა.
გოლოსეევის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე, მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია.

დესნიანის რაიონში აღმოჩენილი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები.
შევჩენკოს რაიონში ცეცხლი გაჩნდა დაუსახელებელ ტერიტორიაზე.
დნეპრის რაიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ბენზინგასამართ სადგურს, ადგილზე მუშაობენ მაშველები.

ღამის იერიშის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 2167 ოჯახს.





