რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული თვითმფრინავები დაზიანდა და არა განადგურდა. ამის შესახებ მან პროპაგანდისტულ ТАСС-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ტექნიკა, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, არა განადგურებული, არამედ დაზიანებულია და აღადგენენ". - თქვა რიაბკოვმა.
ამასთან, რიაბკოვის თქმით, იერიშის შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის განცხადებები უსაფუძვლოა.
"ახლოსაც კი არ არის. ჩვენ უნდა მივყვეთ იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს არხებით გავრცელდა". - თქვა რიაბკოვმა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს და მის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ბომბდამშენი "აალდა".
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი". - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.





