ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

5 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. ამ ქვეყნების უმეტესობა აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს.

განკარგულება, რომელიც ძალაში 9 ივნისს შევა, აშშ-ში მოგზაურობას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კრძალავს: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

ტრამპმა ასევე დააწესა შეზღუდვები - თუმცა არა სრული აკრძალვა - ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის მიმართ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვების უფლება ან ტურისტული და სტუდენტური ვიზის მიღების უფლება არ ექნებათ.

"ბოულდერში, კოლორადოს შტატში, ბოლო ტერორისტულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ უკიდურეს საფრთხეებს, რომლებიც უცხოელთა შემოსვლით წარმოიქმნება, რომლებიც შემოწმებას სათანადოდ არ გადიან, ასევე იმ პირთა მხრიდან, ვინც დროებითი ვიზით ჩამოდიან და დარჩენის ვადას არღვევენ. ჩვენ ისინი არ გვინდა" - თქვა ტრამპმა ვიდეომიმართვაში, სადაც მან სამგზავრო აკრძალვა გამოაცხადა

უახლესი სამგზავრო აკრძალვა გარკვეულ ქვეყნებში უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს მიზეზად და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები ხშირად არღვევენ ვიზის ვადას და აშშ-ს აღარ ტოვებენ.

ტრამპი ამ აკრძალვას ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ამართლებს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეთნიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ადამიანების დისკრიმინაციას წარმოადგენს.

კომენტარები