ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოზე 2023-2024 წლის ანგარიშს, რომელიც მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო რეჟიმის მიმართ კრიტიკულ პუნქტებს შეიცავს, კომიტეტის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ანგარიშის წარდგენისას იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ მომზადებული ანგარიში წარმოადგენს იმის მაგალითს, "თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შიგნიდან პრორუსული მთავრობა დაეუფლოს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე". 

მომხსენებლის თქმით, "დასანანია, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტს უწევს, შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი სახელმწიფოს, პროგრესი, არამედ - ქვეყნის უდიდესი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკი ავტოკრატიისკენ."

"ანგარიში მოითხოვს ახალ, სამართლიან არჩევნებს; სანქციებს რეჟიმზე; მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას." - დაამატა იუკნევიჩიენემ. 

ამასთანავე, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ჩატარებაც 2025 წელს იგეგმება.

პრესრელიზში ასევე წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აშკარა "შემობრუნების წერტილი იყო" ავტორიტარული მთავრობის მიმართულებით. 

"ნაკლოვანმა არჩევნებმა, მათი [ევროპარლამენტარების] თქმით, გზა გაუხსნა მმართველ პარტიას, რომ უკანონოდ ჩაეგდოთ ხელში სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული ბერკეტები, მიეღოთ რეპრესიული კანონმდებლობა მაშინ, როცა ასევე ძლიერ დევნიდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს". - წერია პრესრელიზში. 

ევროპარლამენტარები რეჟიმს კვლავ მოუწოდებენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელსაც ზედამხედველობა საერთაშორისო და დამოუკიდებელმა შიდა დამკვირვებლებმა უნდა გაუწიონ. 

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "სანამ ასეთი კენჭისყრა არ შედგება, ისინი [ევროპარლამენტარები] შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას". 

ამავდროულად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები ქართული ოცნების მთავარ მაღალჩინოსნებსა და რეჟიმის ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე. 

კომენტარები