ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოზე კრიტიკული ანგარიშის მიღების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა სხდომაზე დამსწრე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა:
"ძვირფასო სტუმრებო საქართველოდან, ნება მომეცით, ვთქვა: თქვენ და ყველა თქვენმა მეგობარმა აჩვენეთ შესანიშნავი გამბედაობა და მიზანდასახულობა თქვენს მშვიდობიან ძალისხმევაში, რათა დაიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპული მომავალი თქვენი ქვეყნისთვის." - თქვა მაკალისტერმა.
"დღეს თქვენი აქ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ყოფნა გზავნის მტკიცე გზავნილს, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების მიმართ და ნება მომეცით, დავამატო: თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მადლობა აქ ყოფნისთვის და ყველაფერი იმისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და აკეთებთ." - დაამატა მან.
ცნობისთვის, 4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოზე 2023-2024 წლის კრიტიკულ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა.
საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო რეჟიმის მიმართ კრიტიკულ პუნქტებს შეიცავს, კომიტეტის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ამასთანავე, ანგარიშის წარდგენისას იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ მომზადებული ანგარიში წარმოადგენს იმის მაგალითს, "თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შიგნიდან პრორუსული მთავრობა დაეუფლოს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე".
"ანგარიში მოითხოვს ახალ, სამართლიან არჩევნებს; სანქციებს რეჟიმზე; მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას." - დაამატა იუკნევიჩიენემ.





