მედიაკოალიცია

მედიაკოალიცია: ვგმობთ დამოუკიდებელ მედიაზე ივანიშვილის რეჟიმის სისტემურ თავდასხმას

მედიის ადვოკატირების კოალიცია იმ რეპრესიულ ნაბიჯებს ეხმაურება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ბოლო პერიოდში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ დგამს.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას". - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მზია ამაღლობელის პატიმრობასაც გამოეხმაურა.

"დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო - ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სინდისის სხვა პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს". - წერს კოალიცია.

კოალიცია მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე, დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას". - წერს კოალიცია.

კოალიცია ქართული ოცნების მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ კანონსაც ეხმაურება, რომლის გამოყენებით, ივანიშვილის რეჟიმმა გუშინ, 2 ივნისს, TV პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო TV პირველისა და ფორმულას სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია". - წერს კოალიცია.

კოალიციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ოცნების სამსახურში დგას და მისი ხელმძღვანელები ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ. კოალიცია წერს, რომ არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში მონაწილეობენ. 

ასევე, კოალიციის განცხადებით, გასულ კვირას, მედიის წარმომადგენლებს, კონკრეტული პროცესის მიმდინარეობის დროს, სასამართლოს შენობაში კამერებით შესვლა აეკრძალათ, რაც მათივე განცხადებით, საჯაროობის პრინციპს არღვევს.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტების დაჯარიმებას კოალიცია თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითად მიიჩნევს.

კოალიცია წერს, რომ ბიზნეს კომპანიებზე ზეწოლა ხდება, რათა მათ დამოუკიდებელ მედიასთან არ ითანამშრომლონ.

"დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების  საშუალებით. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე". - წერია კოალიციის განცხადებაში.

მედიაკოალიცია დამოუკიდებელ მედიას სოლიდარობას უცხადებს და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის". - წერს კოალიცია.

კომენტარები