ტრამპის ტარიფები

ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ტარიფები ძალაში რჩება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებული ტარიფები, რომლებიც აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ 28 მაისს დროებით დაბლოკა, ვაშინგტონის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს 29 მაისის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება მანამ, სანამ საქმის სასამართლოში განხილვა გრძელდება. 

29 მაისს ვაშინგტონის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თეთრი სახლის მოთხოვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, რომელმაც დაასკვნა, რომ ტრამპმა ამ ტიპის იმპორტის გადასახადების დაწესებით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. 

ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მისი სატარიფო პოლიტიკის გამო, სასამართლოში სარჩელი თავდაპირველად მცირე ბიზნესებმა და რამდენიმე შტატმა შეიტანეს. სააპელაციო საჩივარში ტრამპის ადმინისტრაცია წერდა, რომ აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაუმართლებლად დააყენა ეჭვქვეშ პრეზიდენტის უფლებამოსილება და საფრთხე შეუქმნა თვეების განმავლობაში მიმდინარე კომპლექსურ სავაჭრო მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. 

"მთავრობის პოლიტიკური შტოები უნდა ქმნიდნენ საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკას და არა სასამართლოები". - ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში. ამავე საჩივარში ადმინისტრაცია წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება უარყოფილი არ იქნებოდა, საკითხზე უზენაეს სასამართლოს მიმართავდნენ. 

"ამერიკა ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს, თუ პრეზიდენტ ტრამპს, ან ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს, აქტივისტი მოსამართლეები სენსიტიურ დიპლომატიურ თუ სავაჭრო მოლაპარაკებებს შეუფერხებენ". - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა 28 მაისს პრესბრიფინგზე. 

ცნობისთვის, 2 აპრილს ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ს 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა. 

მოგვიანებით, 10 აპრილს, ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა, რათა ამ ქვეყნებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და საბოლოოდ, მასთან ეკონომიკური შეთანხმებისთვის მიეღწიათ. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-სთან ეკონომიკურ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. რამდენიმე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ვაშინგტონი მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აგრძელებს, მათ შორის, ევროკავშირთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სხვა. 

90-დღიანი ვადა 9 ივლისს ამოიწურება. 

კომენტარები