წინააღმდეგობის პლატფორმის შეფასებით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება რეჟიმის სისუსტისა და შიშის მაჩვენებელია.
"ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.





