რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: ტრამპი ამ კვირაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

 ABACA/Rex/Shutterstock, Sputnik via EPA

გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.

WSJ-ს თანახმად, ტრამპმა სანქციების დაწესების განხილვა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების გაგრძელებით და მოლაპარაკებების ნელი ტემპის გამო დაიწყო. 

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, პოტენციური შეზღუდვებში საბანკო სისტემაზე სანქციები სავარაუდოდ გათვალისწინებული არ იქნება, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინზე ზეწოლისთვის და, მათ შორის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად სხვა ზომები განიხილება.

WSJ-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპის ბოლოდროინდელ განსჯაზე სამი საკვანძო შეხედულება მოქმედებს. ერთ-ერთი არის ანტიპათია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით კონფლიქტს ახალისებს. მეორე მხრივ, გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპს სჯერა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მის ომის წარმოების უნარს მნიშვნელოვნად არ დააზიანებდა და, ამავდროულად, აშშ-რუსეთის ეკონომიკური ბმების აღდგენას ხელს შეუშლიდა.

მიუხედავად ამისა, როგორც WSJ-ს წყაროები ასევე ამბობენ, ტრამპს წარსულში სჯეროდა, რომ პუტინი ომს მასთან კარგი ურთიერთობის გამო დაასრულებდა, თუმცა რუსეთის მხრიდან უკომპრომისო დამოკიდებულებამ ტრამპის წარმოდგენები ნაწილობრივ შეცვალა. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპმა შესაძლოა სანქციები არ დააწესოს.

ამასთან, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ტრამპი ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებებით იღლება და მათგან საერთოდ ჩამოცილებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო ბიძგი არ იმუშავებს". 

WSJ-ის მიხედვით, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუკი აშშ სამშვიდობო პროცესისგან ჩამოცილებას გადაწყვეტს, კერძოდ, გამოცემის თანახმად, გაუგებარია, გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი სრულიად შეიშალა, რადგან ის უკრაინაში "უამრავ ადამიანს უაზროდ კლავს".

ცნობისთვის, 26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა.

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა 25 მაისსაც განახორციელა. 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი.

რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

"ის სრულიად შეიშალა! ის უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. სრულიად უმიზეზოდ, უკრაინულ ქალაქებს რაკეტები და დრონები ესხმიან თავს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი. იქნებ, ეს ასეც მტკიცდება, თუმცა თუ [პუტინს] მართლაც ეს სურს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს"!

კომენტარები