რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი პუტინზე: შეიშალა! თუ მართლაც მთლიანი უკრაინა სურს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა და "სრულიად შეშლილი" უწოდა. ტრამპის თქმით, პუტინს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს". 

"მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუმცა მას რაღაც დაემართა! ის სრულიად შეიშალა! ის უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. სრულიად უმიზეზოდ, უკრაინულ ქალაქებს რაკეტები და დრონები ესხმიან თავს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ამავე პოსტში წერს, თუ დამტკიცდება, რომ პუტინის ნამდვილი სურვილი მართლაც მთლიანი უკრაინაა, "ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს". 

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი. იქნებ, ეს ასეც მტკიცდება, თუმცა თუ [პუტინს] მართლაც ეს სურს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!". - დაწერა ტრამპმა. 

პოსტის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ტრამპის თქმით, "ზელენსკი არანაირ სიკეთეს არ უქმნის თავის ქვეყანას იმ ტონით, რომლითაც ლაპარაკობს" და უმჯობესია, ასეთი ლაპარაკი შეწყვიტოს. 

"მსგავსად, პრეზიდენტი ზელენსკი არანაირ სიკეთეს არ უქმნის თავის ქვეყანას იმ ტონით, რომლითაც ლაპარაკობს. ყველაფერი, რაც მისი პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, არ მომწონს და უმჯობესია, შეჩერდეს. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომი, არა "ტრამპის", მე მხოლოდ იმ დიდი და საზარელი ხანძრების ჩაქრობაში შემაქვს წვლილი, რომლებიც საერთო არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის გამო გაჩნდა". - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა პოსტის ბოლოს. 

ცნობისთვის, ტრამპმა პუტინი Truth Social-ზე ზემოხსენებული პოსტის გამოქვეყნებამდეც მკაცრად გააკრიტიკა. 25 მაისს რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას თქვა, რომ იგი რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას "აბსოლუტურად" განიხილავს. 

"არ მომწონს, რასაც პუტინი აკეთებს. უამრავ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. ძალიან დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ყოველთვის ვეწყობოდით, მაგრამ რაკეტებს უშვებს ქალაქებზე და ხალხს ხოცავს და საერთოდ არ მომწონს ეს," თქვა ტრამპმა.

"მოლაპარაკებების შუაში ვართ და კიევსა და სხვა ქალაქებში რაკეტებს უშვებს. საერთოდ არ მომწონს ეს," დაამატა მან.

რეპორტიორის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა, რომ "გაკვირვებული ვარ, ძალიან გაკვირვებული. ვნახავთ, რას მოვიმოქმედებთ."

ამას გარდა, რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა იგი რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "აბსოლუტურად".

"ის [პუტინი] უამრავ ხალხს ხოცავს. არ ვიცი, რა სჭირს. რა ჯანდაბა დაემართა? უამრავ ადამიანს ხოცავს. არ მომწონს ეს," დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კომენტარები