ბრიტანეთის საელჩო საქართველოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებასა და გაჩუმებას.
"დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება" - წერია განცხადებაში.
მოსამართლე შვანგირაძის განცხადებით, ჯაფარიძემ მიზანმიმართულად არ გადაიხადა შეფარდებული გირაო.
პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.
"თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის" - მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს.
ცნობისთვის, წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც.





