მიხეილ სააკაშვილი

ვარწმუნებდი მთავრობას, სამაჯურით გაეყვანათ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანამ ჰქონდა არსებულ მთავრობასთან ურთიერთობა, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, მიხეილ სააკაშვილს სხვაგვარად მოქცეოდნენ, როგორც პრეზიდენტს და სამაჯურით გაეყვანათ საპატიმროდან. 

ზურაბიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება, სამართლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, არაფერს შეცვლიდა. 

შეკითხვაზე, რატომ არ შეიწყალა სააკაშვილი და ხომ არ ნანობს დღეს ამას, ზურაბიშვილი პასუხობს: 

""ნანობს“ ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი ამათ მიერ, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა არცერთი დღით ციხიდან. ეს არის მოცემულობა.

მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, არ იყო ჩემი მორალური პოზიციიდან მისაღები;

მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, სანამ მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს.

ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, მათ ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული" - ამბობს ზურაბიშვილი. 

მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ამჟამად 12 წელი და 6 თვე პატიმრობა აქვს მისჯილი - საზღვრის კვეთისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე სასამართლომ შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა. 

12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს.

კომენტარები