ივანიშვილის ინფრაქტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთში მომხდარი სტიქიის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება" და რომ დამბებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულა.
"2015 წელს გაიწმინდა, ბოლოს 2022 წელს ჩატარდა ამ დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე, ზოგადად, არ მესმის როგორ შეიძლება, ოპონენტებმა ისარგებლონ სტიქიური უბედურებით და სასპეკულაციოდ გამოიყენონ ეს თემა. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება, სამწუხაროდ, ჩვენთანაც მოხდა თელავში, ეს არის სტიქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ყველგან ტარდება, თუმცა მიუხედავდა ამისა, დაზღვეული მაინც არასდროს ვართ ხოლმე სტიქიისგან.
ამ დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია ამ სტიქიის დროს და თუ უფრო დეტალურად რატომ მოხდა ეს, უახლოეს დღეებში სპეციალისტების ჩართულობით გვეცოდინება, თუმცა აქ დამბები ნამდვილად არაფერ შუაშია.
თუ სადმე რაიმე არის კანონდარღევით აშენებული ან თუნდაც გარკვეული საფრთხის შემცველია ის შენობა-ნაგებობები, რომელიც არის აშენებული, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაქცია." - თქვა სოხაძემ.
როგორც კახეთის რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მედიასთან თქვა, უხვმა ნალექმა აადიდა თელავში ხევები, ხოლო თელავის ხევის ადიდებამ, სეხნიაშვილის ქუჩის მახლობლად ხიდი ჩახერგა და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო. შედეგად, ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა, ასევე დაზიანდა თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და მიმდებარე ტერიტორია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა"




