"მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს" - რეჟიმის პატიმრების ოჯახები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ.
"უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად.
მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის.
ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი.
გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი - ძალა ერთობაშია" - წერია "სინდიდის პატიმრების თავისუფლებისთვის" გავრცელებულ გაბნცხადებაში.
20 მაისს მოძრაობა დაფიონმა რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ:
"ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას".
წერილს მალევე გამოეხმაურნენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი, ონისე ცხადაძის ძმამ, სანდო ცხადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - "სიმართლე ხვალ დილით გაირკვევა, როცა პატიმრები დარეკავენ, მაგრამ ამჟამად უტყუარი სიმართლე ისაა, რომ არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ ვიცოდით ამ წერილზე". მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ირაკლი ქერაშვილის დამაც.
მოგვიანებით მოძრაობა დაფიონმა აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.