რუსეთის იუსტიციის მინისტრის, კონსტანტინ ჩუიჩენკოს თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი "ზნეობრივი ღირებულებების დაცვაც" უნდა იყოს.
ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგის იურიდიულ ფორუმზე ისაუბრა.
"გთავაზობთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის მესამე საფუძვლის შემოღებაზე დავფიქრდეთ, რათა განაჩენების სამართლიანობა უზრუნველვყოთ. ამჟამად გათავისუფლება შესაძლებელია თუ პირი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ან აუცილებელი თავდაცვისას, მაგრამ თუ ის ზნეობრივ ღირებულებებს იცავდა?". - თქვა ჩუიჩენკომ.
იუსტიციის მინისტრმა მაგალითად კურსკის ოლქში მცხოვრები მოქალაქეები მოიყვანა.
"კურსკში შევიდნენ ნაციონალისტები. ბევრი ადგილობრივი იცავდა საკუთარ ახლობლებს, საკუთრებას და ბუნებრივია, რომ კლავდნენ. არავის უჩნდება შეკითხვა, რამდენად ლეგიტიმურია ეს მკვლელობები". - აღნიშნა ჩუიჩენკომ.
"დღესდღეობით სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები სამართლიანობას განსაზღვრავენ, როგორც ჩადენილ ქმედებასთან სასჯელის შესაბამისობას". - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მორალი სამართალში უნდა აისახოს და სამართალი "ღრმად მორალური უნდა იყოს".
იმავე ფორუმზე გამოსვლისას, კონსტანტინ ჩუიჩენკომ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოებრიობის გამყარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა.





