წინააღმდეგობის პლატფორმა

ჩერგოლეიშვილი: 3 ისარია წინააღმდეგობის პლატფორმის სიმბოლო - აქცია, სანქცია, ალტერნატივა

მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან და მართლა მჯერა, გულწრფელად, რომ შემდეგი ხალხის ნიაღვარი აუცილებლად დასრულდება ცვლილებით თუ ამ ხალხმა დაინახა რეალური ალტერნატივა.

რეალური ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ მრავალპარტიული კოალიცია, იმიტომ, რომ საზოგადოების გემოვნება არის ჭრელი, მაგრამ ამავდროულად, საზოგადოებას აქვს დაკვეთა. რაღაც მიზნები აერთიანებს საზოგადოებას, როგორიცაა დამოუკიდებლობის გადარჩენა და გვახსოვს 1991 წელი, როდესაც ზრდასრული მოქალაქეების ათიდან ცხრამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს ყველაფერი ჩატარდა აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც და უპრეცედენტო ერთიანობის დღე იყო.

ეს ყველაფერი ეხებოდა დამოუკიდებლობას და მე მგონია, რომ ვართ იმ მომენტში, როდესაც დამოუკიდებლობაა გადასარჩენი, რადგან ისტორიაც მოწმობს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენით.

ასეთი დრო რაკი გვიდგას, ასეთი დრო მოითხოვს განსხვავებულ ზომებს, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა პარტიული ინტერესების დრო არ არის. მე ვთვლი, რომ ახლაც არის ძლიერი პარტიების დრო და ამ პარტიების ძლიერი მხარდაჭერის დრო, და ამაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ჩვენ ორივეს ერთდროულად კეთება შეგვიძლია - ერთი მხრივ, პარტიები გავაძლიეროთ, მეორე მხრივ, შევეცადოთ, რომ რაც გვაერთიანებს და რაღაცები გვაერთიანებს... მაგალითად, დაკვეთა არის, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს და დამოუკიდებლობა გადავარჩინოთ, დაკვეთა არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევდგეთ სამართლიან საზოგადოებად, ესეც გვაერთიანებს... არსებობს დაკვეთა, რომ ჩვენი საზოგადოება და ინდივიდები თავს უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ, ამას სჭირდება სუს-ის დეკონცენტრაცია და ამაზეც შეთანხმება გვაქვს.

გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი დაკვეთები - რომ ყველას დაუბრუნდეს ჯარიმა, რომელიც უკანონოდ გადაახდევინეს, რომ ყველა უკანონოდ გათავისუფლებული აღდგეს სამსახურში, ამაზეც შეთანხმება გვაქვს.

ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ვთანხმდებით. რეალურად, მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, თუ ჩვენ თვითონ არ დავუსახავთ იმ მიზნებს, რასაც ვერ შევასრულებთ, არარეალისტურ ამოცანებს თუ არ დავისახავთ, არც იმ მოჯადოებულ დამარცხებულ წრეზე ვივლით და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ჩემთვის არის ამ მოჯადოებული წრის გარღვევის მცდელობა, რომ რაზეც ვთანხმდებით, ჯერ იმაზე ვითანამშრომლოთ და ავაგოთ ურთიერთობები და  მერე შეიძლება, რაზეც ვერ ვთანხმდებით, იმაზეც შევთანხმდეთ, რაღაც ნდობა რომ აიგება. ეს არის ქვემოდან ზემოთ პროცესი. სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ სახლი იგება საძირკვლიდან, ბავშვი ქვემოდან იზრდება და ასევე, ნებისმიერი პროცესიც იწყება ქვემოდან...

მე ძალიან რადიკალურად ვუყურებ სალომე ზურაბიშვილის პროცესს, მე არ მჯერა ორი და სამი ფორმატების, რამდენიც შეიძლება იყოს, მაგრამ მჯერა, რომ ან სალომე ზურაბიშვილის პროცესი მიაღწევს წარმატებას, ან პროტესტის ამ ფაზას ისე გავივლით, რომ ალტერნატივას ვერ დავახვედრებთ და შემდეგი ნიაღვარიც გაიფლანგება. ამიტომ, ინვესტიციას ვაკეთებ იმაში, რომ აქ გამოვიდეს ისეთი თანამშრომლობა, სადაც შევთანხმდებით იმაზე, რაზეც ვთანხმდებით და დავანებებთ ერთმანეთის გინებას თავს იმაზე, რაზეც ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით [...]

[...] ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ღირსეულად აღვნიშნოთ 26 მაისი, დავანახოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რა დევს სასწორზე, შთავაგონოთ ისინი ცვლილებებისკენ, მოვანდომოთ ის, რომ შეცვალონ ეს რეჟიმი და დაგვიჭირონ მხარი, მაგრამ იმ ნიაღვარს, რაც ქუჩაში დგება რეჟიმის მოქმედებების შედეგად, ჩვენ არ ვიწვევთ, ჩვენი ამოცანაა, ამ ნიაღვარს დავახვედროთ ისეთი ალტერნატივა...

სამი ისარია წინააღმდეგობის პლატფორმის სიმბოლო - აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ანუ ჩვენ რეჟიმის მოგუდვას ვხედავთ შემდეგნაირად - ერთი მხრივ, გაქვს პროტესტი ქუჩაში და ამ პროტესტს აცოცხლებ რამდენადაც შეგიძლია, თუ დიდი პარტიული აქტივი გყავს, დიდი პარტიული აქტივით, თუ არ გყავს, ისეთი იდეებით, რაც ადამიანებს გამოიყვანს და მიიზიდავს ქუჩისკენ. მეორე - დასავლეთისგან წნეხი, ვხედავთ, ეს ხალხი რომ მიდის ქართული ოცნებიდან და დომინოსავით აკლდება, ეს დომინოს პრინციპს შეიძენს და ასე ჩამოირღვევიან, თუ ნებისყოფა გამოვიჩინეთ.

და მესამე - რეალისტური, ოდნავ ნორმალური ალტერნატივა, იდეალურები რომ ვერ გავხდებით, ეს ხომ ხალხმაც მშვენივრად იცის, უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ ეს ყველაფერი და ამის დემონისტრირების მცდელობა იქნება 26 მაისი. რომ ჩვენ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ერთად დავგეგმეთ ეს დღე, ერთად გაჩვენებთ იმას, რაც არის გადასარჩენი, ერთად გაჩვენებთ იმას, რამაც ყველა ერთად უნდა შთაგვაგონოს, რომ შევცვალოთ რუსული რეჟიმი და დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას, რაც დამოუკიდებლობის გადარჩენის ტოლფასია. და ამას არც ვხუმრობ და არც ვაჭარბებ, ამის მტკიცებულება არის ჩვენი ისტორია.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმულას ეთერში, სალომე ზურაბიშვილის და პროდასავლური პარტიების მონაწილეობით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის შესახებ.

კომენტარები