თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელები გამოიკითხებიან, რომლებსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. პირველი, პოლიციელი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა, არის პოლიციელი საბა ნაბახტეველი, რომელიც ასევე არის დაზარალებული აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეშიც.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ მოწმის დასაკითხად კონკრეტული დრო გამოყო, რომლის გასვლის შემდეგ, მოწმე ნაბახტეველს სხდომათა დარბაზი ისე დაატოვებინა, რომ ადვოკატთა ნაწილს, ასევე ბრალდებულებს მოწმისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.
მოსამართლეს მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ, მისი თქმით, შეკითხვები ჰქონდა მოწმესთან, თუმცა მათი დასმა ვერ მოახერხა. მისი თქმით, მოსამართლე ხშირად ახსენებს სწრაფ მართლმსაჯულებას, და თუ სწრაფი მართლმსაჯულება უნდა, საქმეზე ის მოწმეები უნდა გამოიკითხონ, რომლებსაც მათ საქმესთან შემხებლობა აქვთ.
"თვითონ მოწმე ისეთ რამეებს ამბობს ხოლმე, რომ შეკითხვები გვიჩნდება შესაბამისად და პასუხებიც გვინდა ამ კითხვებზე. თუ სწრაფად გინდათ დასრულება პროცესების ერთნაირ მოწმეებს მაინც ნუ მოიყვანთ. აქ უმეტესობა რაც ვნახეთ არის პოლიციელები, რომლებსაც ნიღაბი არ ეკეთათ და ისეთ დროს იდგენენ [აქციაზე] ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ვიდეოებში ჩანან რობოკოპები და სპეცრაზმელები, რომლებსაც ნიღაბი უკეთიათ და ჩაფხუტი. თუ სწრაფი მართლმსაჯულება გინდათ, მოწმეები შეამცირეთ ისეთი, რომლებსაც ჩვენთან შემხებლობა არ აქვს" - განაცხადა რევაზ კიკნაძემ.
კიდევ ერთმა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ ასევე განაცხადა, რომ შეკითხვები ჰქონდა, რისი დასმაც უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
რა თქვა მოწმე პოლიციელმა საბა ნაბახტეველმა 11 პირის პროცესზე:
საბა ნაბახტეველის განცხადებით, რომელიც 2 სხვადასხვა საქმეშია დაზარალებულის სტატუსის მქონე, პარლამენტთან აქციაზე 28 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე მივიდა, სადაც მშვიდი ვითარება იყო, გარკვეული პერიოდში შემდეგ კი ვითარება დაიძაბა "აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვესროდნენ საგნებს, კერძოდ, ბოთლებს, რომლებშიც მოთავსებული იყო ქვები, საღებავები, კვერცხები, სხვა მძიმე საგნები".
"28 ნოემბერს ვიმყოფებოდი საპროტესტო აქციაზე, რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ვიდექი ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა დროსაც აქციის მონაწილის მხრიდან ნასროლმა ქვამ მომაყენა დაზიანება, კერძოდ, შუბლის, ცხვირისა და ლოყის არეში". - თქვა ნაბახტეველმა.
პროკურორმა მოწმეს ჰკითხა - "თქვენ დაზარალებული ხართ საქმეზე, ბრალდებულების მიმართ რა პოზიცია გექნებათ?"
რაზეც ნაბახტეველმა უპასუხა - "მე გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მომაყენა ეს ზიანი და დამაზარალა. მესროლა ეს ქვა".
საბა ნაბახტეველის თქმით, არ იცის ვინ ესროლა ქვა. ასევე არ იცნობს ბრალდებულებს.მისი თქმით, დაზიანება 11-დან 12 საათამდე შუალედში მიიღო. რის შემდეგაც 1 კვირის განმავლობაში აქციაზე არ ყოფილა. მისი თქმით, 28 ნოემბერს აქციაზე, მხოლოდ ფორმა ეცვა.
ადვოკატი: - როგორც მოქალაქე ხო არ მისულხართ აქციაზე?
მოწმე: - არა, რა თქმა უნდა.
ადვოკატი: - იცით, ხომ რომ არ გაქვთ ამის უფლება და ამიტომ არ მიხვედით?
მოწმე: - არა, ზოგადად პროტესტს არ გამოვხატავდი მაგასთან [კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება] დაკავშირებით და მაგიტომ არ მივედი.
მოგვიანებით 28 ნომებრის განცხადებაზე ნაბახტეველს ასევე ჰკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე: ხომ არ იცით რა განცხადებას უკავშირდებოდა პროტესტი?
მოწმე პოლიციელი საბა ნაბახტეველი: ევროკავშირთან დაკავშირებით იყო რაღაც განცხადება, რა განცხადება იყო არ ვიცი.
მოწმე პოლიციელმა ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს აწვებოდნენ, მისი თქმით, ის ერთ-ერთ წინა რიგში იდგა, მაგრამ არ ახსოვს ქვის მოხვედრის მომენტში ედგა თუ არა წინ ვინმე. ადვოკატმა ნაბახტეველს ჰკითხა, შეუძლია თუ არა ბრალდებულებიდან ამოიცნოს რომელიმე პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციელებს აწვებოდა. "აქედან არ მახსენდება რომელიმე, რომ ჩემს წინ ყოფილიყო და მომწოლოდა" - უპასუხა მოწმე პოლიციელმა.
ადვოკატმა მოწმეს ასევე ჰკითხა, თუ დაინახა 28 ნოემბერს სხვა პოლიციელის დაზიანების ფაქტი, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
ადვოკატი: - პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფა თუ გესმოდათ?
მოწმე: - არა, რა თქმა უნდა.
ადვოკატი: - თუ ადევნებდით მედიაში გდდ-ს ქმედებებს თვალს?
მოწმე: - არა.
ადვოკატი: - როდესაც დაზარალებულად გცნეს, გაეცანით თუ არა საქმის მასალებს, დაინტერესდით თუ არა რა იყო საქმის მასალებში?
მოწმე: - არა.
ადვოკატი: - რატომ.
მოწმე: - რავი, საქმის მასალები არ წარმოადგენდა ჩემთვის ინტერესის სფეროს.
ადვოკატმა მოწმეს ასევე ჰკითხა, შეატყობინა თუ არა ბრალდების მხარემ, რა საქმეზე იკითხებოდა დღეს, რაზეც მოწმემ თქვა, რომ იცის, რომ 225-ე მუხლით არის. ამის შემდეგ, ადვოკატმა ნაბახტეველს დაუზუსტა, იცის თუ არა, რომ დადგენილი არ არის ის პირი, რომელმაც მას დაზიანება მიაყენა. რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი თქმით, ამაზე საუბარი არ ჰქონია.
სხდომის მიმდინარეობისას ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა ჩაურთო შსს-ს სტრატკომის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ისმის თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს და ისმის გაუპატიურების მუქარაც. ხოხობაშვილმა ნაბახტეველს ჰკითხა, ხომ არ შესწრებია ფაქტს, როდესაც მისი თანამშრომელი ან კოლეგა ასე მიმართავდა მოქალაქეს, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. მოწმის თქმით, "არ იცის პოლიციას წარმოადგენდა თუ არა პირი", რომლის ხმაც ვიდეოში ისმის.
აქციების დროს დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გრძელდება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.