გამოცემა Financial Times საკითხზე ინფორმირებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ხუთშაბათს, 15 მაისს, რუსმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, უთხრეს, რომ პუტინს არ სურდა 22-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების განხილვა, რომელიც უიტკოფმა უკრაინულ და ევროპულ მხარეებთან საუბრების შემდეგ შეადგინა.
წყაროების მიხედვით, აღნიშნული 22-პუნქტიანი გეგმა მომდევნო დღეებში დეტალურად განიხილეს უკრაინელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა. უკრაინულ მხარეს ზელენსკის აპარატის უფროსი, ანდრიი იერმაკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარმოადგენდნენ, ხოლო აშშ-ს მხარის შემადგენლობაში სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელი, კით კელოგი იყვნენ.
Financial Times-ის ცნობით, პუტინის უარის შედეგად, უიტკოფმა, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის პრეზიდენტს ოთხჯერ შეხვდა მოლაპარაკებებისთვის, პუტინთან ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადადო. თუმცა, უიტკოფთან დაახლოებულმა პირმა თქვა, რომ მოსკოვში არანაირი მგზავრობა არ იგეგმებოდა.
ცნობისთვის, 18 მაისს კელოგმა X-ზე დაწერა, რომ სტამბოლში ამერიკულმა მხარემ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარადგინა, რომელიც ლონდონში გამართული შეხვედრების შემდეგ იყო შედგენილი. კელოგის თქმით, 22-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას გულისხმობს.
"სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მშვიდობის მისაღწევი სამუშაო ჩარჩოა. პირველი პუნქტი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა, რომელიც მკვლელობებს ახლავე დაასრულებს." - დაწერა კელოგმა X-ზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ორშაბათს, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ტრამპის თქმით, პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხზე ისაუბრებს.
ტრამპის პოსტს წინ უძღვის რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
რუსული მხარე კრიტიკულად შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა.
იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მსოფლიომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაინახა, თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე", რის გამოც რუსეთზე "წნეხის გაზრდის დროა".