რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი რუსეთის მიმართ მოთმინებას კარგავს

ალექსანდერ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა 18 მაისს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში რუსეთის მიმართ მოთმინებას კარგავს.

"თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკი მომთმენია და პრეზიდენტი ტრამპი მოთმინებას კარგავს, მაგრამ სწორი მიმართულებით, ანუ რუსეთის მიმართ." - უთხრა სტუბმა რეპორტიორებს.

სტუბის თქმით, ცეცხლის შეწყვეტისკენ პროგრესი "ნელა, მაგრამ ნამდვილად" მიიწევს წინ უკრაინისთვის უკეთესი მიმართულებისკენ.

ამასთანავე, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ტრამპს მოუწოდა, ზელენსკისთან და პუტინთან შეხვედრა ორივესთან სამიტის ფარგლებში გამართოს და დაამატა, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება 1000-1000 ტყვეების გაცვლაზე პოზიტიური ნიშანია.

სტუბმა ასევე თქვა, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინის პოზიცია შედარებით უფრო ძლიერია და რუსეთს სერიოზული სისუსტეები აქვს.

"ბევრი ლაპარაკი ყოფილა, რომ უკრაინა ძლიერ წაგებულია. პასუხი ისაა, რომ ასე არ არის." - თქვა მან: "რუსეთი უკრაინის დამარცხებას სამი წელია ცდილობს. მიმდინარე წელს მათ უკრაინული მიწის 1%-ზე ნაკლები წინსვლა ჰქონდათ."

სტუბმა დაამატა, რომ რუსეთის ეკონომიკა იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ორშაბათს, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ტრამპის თქმით, პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხზე ისაუბრებს. 

ტრამპის პოსტს წინ უძღვის რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. 

რუსული მხარე კრიტიკულად შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა. 

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მსოფლიომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაინახა, თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე", რის გამოც რუსეთზე "წნეხის გაზრდის დროა".

კომენტარები