უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გადადგომის მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ვადის დაწყებიდან აშშ-ს მხრიდან ზეწოლა "არა აგრესორზე, რუსეთზე, არამედ მსხვერპლზე, უკრაინაზე იყო". დიპლომატმა დაამატა, რომ ამ პოლიტიკის შესრულება კეთილსინდისიერად არ შეეძლო.
ამის შესახებ ბრინკმა გამოცემა Detroit Free Press-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ილაპარაკა.
"ამაყად ვემსახურე ხუთ პრეზიდენტს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი, უდიდესი ქვეყანა არის.
პატივს ვცემ პრეზიდენტის უფლებასა და პასუხისმგებლობას, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა განსაზღვროს, აშშ-ს კონგრესის მხრიდან სათანადო კონტროლითა და ბალანსით. აშშ-ს საგარეო სამსახურის როლია, რომ ეს პოლიტიკა შეასრულოს. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის ვადის დასაწყისიდან ზეწოლა არა აგრესორზე, რუსეთზე, არამედ მსხვერპლზე, უკრაინაზე იყო.
ამგვარად, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესრულება კეთილსინდისიერად აღარ შემეძლო და ვგრძნობდი, რომ ჩემი ვალდებულება იყო, გადავმდგარიყავი. ჩვენი ქვეყნის თითქმის სამი ათწლედის განმავლობაში მსახურების შემდეგ დავტოვე უკრაინაში ჩვენი ელჩის თანამდებობა.
არ შემიძლია, განზე გავდგე, როდესაც ქვეყანაში იჭრებიან, დემოკრატიაზე იერიში მიაქვთ და ბავშვებს დაუსჯელად უხოცავენ. მჯერა, რომ აშშ-ს ინტერესების დაცვის ერთადერთი გზა დემოკრატიების დაცვა და ავტოკრატებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. მშვიდობა ნებისმიერ ფასად საერთოდ არ არის მშვიდობა, არამედ დაშოშმინებაა, ხოლო ისტორიამ არაერთხელ გვასწავლა, რომ დაშოშმინებას უსაფრთხოებამდე ან კეთილდღეობამდე არ მივყავართ. მეტ ომსა და ტანჯვას განაპირობებს". - წერს ბრინკი.
ბრინკი პოსტზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, 2022 წელს დაინიშნა და მას შემდეგ კიევში აშშ-ს ელჩად მსახურობდა. Reuters-ის ანონიმური წყაროების თქმით, ელჩმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ბრინკი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატია, რომელმაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იანვარში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა. იგი უერთდება ათწლეულების გამოცდილების მქონე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის მოსვლის შემდეგ დატოვეს, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ბრინკის თანამდებობას. ამერიკელი ანონიმური მაღალჩინოსანი და საკითხზე ინფორმირებული კიდევ ერთი წყარო Reuters-ს ეუბნება, რომ პოსტზე ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპის, პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებში, კრის სმიტი განიხილება. სმიტი აქამდე, 2022-2023 წლებში, კიევში აშშ-ს საელჩოში ამერიკული მისიის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.
1 მაისს უკრაინის საელჩოში დროებით საქმეთა რწმუნებულად ჯული დეივისი დაინიშნა.