აშშ-ში ტეხასის შტატში სკოლაში სროლის მოწყობაში შვილის დახმარების ბრალდებით 33 წლის ეშლი პარდო დააკავეს.
სამართალდამცავების თქმით, დედამ საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა იყიდა 13 წლის შვილისთვის და იცოდა, რომ ბიჭი ქალაქ სან-ანტონიოში ჯერემია როუდსის სახელობის საშუალო სკოლაში მასობრივი სროლის მოწყობას გეგმავდა.
პროკურატურის თანახმად, დედა შვილს უმცროსი და-ძმების მოვლის სანაცვლოდ ძალადობრივი გეგმების შესრულებაში "მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად დაეხმარა".
სამართალდამცავების ცნობით, პარდოს შვილი 12 მაისს სკოლაში "ნიღბით, კამუფლაჟის ჟაკეტით და სამხედრო შარვლით" გამოცხადდა, "თუმცა მალევე წავიდა", რის შემდეგაც პოლიციამ 13 წლის ბიჭი სკოლის ტერიტორიის გარეთ დააკავა.
სკოლამ მოსწავლეების მშობლებს საჯაროდ შეატყობინა, რომ პოლიციამ "მოსწავლის მიერ ინტერნეტში დადებული პოსტები" გამოიძია და ის დააკავა.
"მოსწავლე სკოლის ტერიტორიის გარეთ დააკავეს და ბრალად ტერორიზმი წაუყენეს". - წერია შეტყობინებაში.
ამავე დღეს ეშლი პარდოც დააკავეს, მას შემდეგ, რაც ბიჭის ბებიამ პოლიციას შეატყობინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არასრულწლოვანს დედამისმა უყიდა.
პოლიციის თანახმად, სკოლაში სამხედრო ტანსაცმლით მისვლამდე ბიჭმა ბებიამისს უთხრა, რომ "ცნობილი გახდებოდა".
არასრულწლოვნის ბებიამ პოლიციას უთხრა, რომ პარდომ შვილი სამხედრო მაღაზიაში წაიყვანა და ჩაფხუტი, ჯავშანჟილეტი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა უყიდა.
ამასთან, ბიჭის ბებიამ თქვა, რომ სახლში ფეიერვერკისგან დამზადებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი იპოვა, რომელზეც 2019 წელს ახალ ზელანდიაში მასობრივი სროლის მომწყობი დამნაშავის სახელი ეწერა.
პროკურატურის თანახმად, იანვარში სკოლის ადმინისტრაციამ ბიჭის მიერ დახატული სკოლის რუკა იპოვა, რომელიც "სუიციდის გზად" იყო დასათაურებული, შემდეგ კი მოსწავლემ ადმინისტრაციას უთხრა, რომ "გატაცებული იყო მასობრივი მსროლელებით, მათ შორის, მათი მანიფესტებით".
სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ეშლი პარდომ თავისი შვილის მხრიდან ძალადობის მუქარებისა და მისი ძალადობრივი ნახატებისა და გამოსახულებების შესახებ იცოდა, ბიჭის ქცევების გამო შეშფოთებული არ ყოფილა და თავისი შვილის "მხარდაჭერას გამოხატავდა".