რეჟიმის პატიმრები

მოწმეების თქმით, სისხლიანი ტანსაცმელი მათგან ნივთმტკიცებად არ ამოუღიათ – 8 პირის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესზე მორიგი მოწმე პოლიციელები ივანე კაპანაძე და ნიკოლოზ მანჯავიძე გამოიკითხნენ, რომლებსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. 

საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა, სასამართლოს ჩვენებებს ბრალდების მხარის მოწმეები აძლევენ. 

გუჯა ავსაჯანიშვილმა კაპანაძეს ჰკითხა, დაზიანების მიღების შემდეგ, დაისვარა თუ არა მისი ტანსაცმელი სისხლით, რაზეც მოწმემ დადებითი პასუხი გასცა. ავსაჯანიშვილი ჩაეკითხა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოიღეს თუ არა მისი ტანსაცმელი შესაბამისმა უწყებებმა, ან მან მიიტანა თუ არა საგამოძიებო ორგანოში. რაზეც კაპანაძემ განაცხადა, რომ არ მიუტანია და "სახლში აქვს".

მსგავსი შეკითხვა ავსაჯანიშვილმა მეორე მოწმე პოლიციელს, ნიკოლოზ მანჯავიძესაც დაუსვა. 

მანჯავიძის თქმით, მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. მაგრამ არ იცის, მისი ტანსაცმელი დაისვარა თუ არა სისხლით, რადგან "ღამე იყო და ვერ დაინახა". მანჯავიძის თქმით იცის, რომ  დაზიანების მიღების შემდეგ სისხლი წამოუვიდა და ხელი დაესვარა.

ადვოკატმა მანჯავიძეს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა - გრძელმკლავიანი ეცვა თუ არა იმ ღამეს? რაზეც მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ არ ახსოვს. 

მანჯავიძის განმარტებით, გამომძიებელმა "რაც მოითხოვა ყველაფერი მიუტანა". 

ავსაჯანიშვილი: - ახლა სად ინახება ეს ტანსაცმელი?
მანჯავიძე: - არ ვიცი.
ავსაჯანიშვილი: - თქვენი ფორმა არ იცით სად ინახება?
მანჯავიძე: - ჩემი დასვრილი ფორმა არ ვიცი სად ინახება, ან სახლში იქნება, ან ნაგავში.
ავსაჯანიშვილი: - ანუ გადააგდეთ?
მანჯავიძე: - არ ვიცი-თქო.
ავსაჯანიშვილი: - ეს ფორმა სახელმწიფომ ხომ მოგცათ, მასზე პასუხისმგებელი ხომ ხართ?
მანჯავიძე: - კი.
ავსაჯანიშვილი: - თქვენ სახელმწიფოს მიერ მოცემული ფორმა ნაგავში ჩააგდეთ ისე, რომ არ შეატყობინეთ უფროსს?
მანჯავიძე: - მე არ მითქვამს, რომ ნაგავში ჩავაგდე.
ავსაჯანიშვილი: - სახლში არის?
მანჯავიძე: - არ ვიცი, ვერ დაგიდასტურებთ ამას.

ნიკოლოზ მანჯავიძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28-29 ნოემბერს იმყოფებოდა. მისივე თქმით, არ იცის და არ ახსოვს გაეცნო თუ არა დაზარალებულის სტატუსის დადგენილებას, მაგრამ იცის, რომ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

მანჯავიძის განცხადებით, ამოცნობის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არ შეეძლო კონკრეტული პირის ამოცნობა.

მანჯავიძის თქმით, აქციის მონაწილეები ეძახდნენ "რუსის პოლიციას" და ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, "რითაც შეიძლებოდა მიეღოთ დაზიანება". მისივე თქმით, მას სახის არეში მოხვდა ქვა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება, მათ შორის, "დაკარგა გონებაც".

მომწე პოლიციელის კაპანაძის, განცხადებით, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა ვითარება სრულიად იყო მშვიდობიანი, თუმცა "აქციის მონაწილეები მოულოდნელად გადავიდნენ აგრესიაზე, დაიწყეს ქვის სროლა". მისივე თქმით, ხედავდა ტრაექტორიას, რა მიმართულებიდან მოდიოდა ეს ქვები. 

"ჩემი იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაიძაბა სიტუაცია, საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები გადავიდნენ აგრესიაზე ჩვენი მისამართით, კერძოდ, დაიწყეს სხვადასხვა ნივთების სროლა, ეს იყო ქვები, მინის ბოთლები, ფეიერვერკები და ა.შ.

დაძაბულობის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში მივიღე დაზიანება ხელის არეში. დამეწყო ძლიერი სისხლდენა, ჩემი რამდენიმე თანამშრომელი დამეხმარა, ავედი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადასთან, ადგილზე გამიწიეს პირველადი დახმარება და გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში. სადაც შემდგომ ქირურგიული ჩარევა დამჭირდა, 3 დღე დავყავი საავადმყოფოში, ამჯერად გავდივარ შემდგომ რეაბილიტაციას". - განაცხადა ივანე კაპანაძემ. 

მისი თქმით, ასევე დაინახა ის ქვა, "ფილის ნამტვრევი" რომელიც ხელში მოხვდა. 

"იყო ქვა, ბოთლები, საღებავიანი ბუშტები, ფეიერვერკები, ხის ნაჭრები და ა.შ. დაძაბულობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიმდებარე ქუჩა, სადაც ჩვენ ვიდექით, გაივსო ამ ნივთებით. წვიმასავით მოდიოდა, პირდაპირი მნიშვნელობით". - დასძინა მოწმე პოლიციელმა.

მისივე შეფასებით, მათ წინ მდგომი 500 ადამიანი იქნებოდა აგრესიული. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა, მოწმე პოლიციელს ჰკითხა, დაეხმარნენ თუ არა გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც კაპანაძის განცხადებითვე, მის უკან, დაახლოებით, 60 მეტრში იდგნენ. 

"ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გდდ-ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია" - თქვა კაპანაძემ.

მოწმე პოლიციელის თქმით, არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება.

"იდენტიფიცირება უშუალოდ არ შემიძლია, შესაბამისად, ამოცნობა დაზიანება ვინც მომაყენა იმის, არ შემიძლია. არც აქციაზე მყოფების" . - თქვა მან. 

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა ხომ არ დაუნახავს, კონკრეტული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ კონკრეტულ მოქმედებებს.

მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ "კონკრეტულად არ დაუნახავს".

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. 

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები