აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამად ბინ სალმანი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერებს ვირტუალურად შეუერთდა.
თეთრი სახლის სპიკერის კეროლაინ ლივიტის თქმით, ერდოღანმა ტრამპს სირიისთვის სანქციების მოხსნის გამო მადლობა გადაუხადა, ხოლო ბინ სალმანმა ამ ნაბიჯს "გაბედული" უწოდა.
სპიკერის თქმით, ტრამპმა ალ-შარაას უთხრა, რომ "მას უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს, საკუთარ ქვეყანაში ისტორიული რამ გააკეთოს".
ლივიტი წერს, რომ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებისკენ მოუწოდა და სირიიდან ყველა ტერორისტის გაძევება მოითხოვა.
მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინასა და ღაზას ომებზეც იმსჯელეს.
ალ-შარაას თქმით, ის იმედოვნებს, რომ სირია შეძლებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო ხიდად იქცეს.
მანამდე, 13 მაისს, ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას "შანსი მიეცეს."
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის ახალი მთავრობა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის დამყარებას შეძლებს და მშვიდობას შეინარჩუნებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სირიის ურთიერთობებში ნორმალიზაციის პროცესს გაგრძელებს.
გამოცემა Bloomberg აპრილში წერდა, რომ ალ-შარაამ ამერიკელი კონგრესმენების დამასკოში ვიზიტისას აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების სურვილი გამოთქვა.
19 აპრილს კონგრესმენები კორი მილსი და მარლინ სტუცმანი დამასკოში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოდან პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ მილსს შეხვედრისას უთხრა, რომ სირია "სწორი პირობების შემთხვევაში" აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებით არის დაინტერესებული.
აბრაამის შეთანხმებები, რომელიც ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს შორის 2020 წლის სექტემბერში გაფორმდა, არაბულ სამყაროში მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო ინიცირებული.