რეჟიმის პატიმრები

"არ დამინახავს ვინ მესროლა ქვა" – მოწმე პოლიციელის ჩვენება 8 პირის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. 

საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა, დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. იგეგმება 5 მოწმე პოლიციელის გამოკითხვა. ესენი არიან: ნიკოლოზ ხურცილავა, ლაშა ბუიღლიშვილი, ივანე კაპანაძე, საბა ნაბახტეველი, ნიკოლოზ მანჯავიძე და გრიგოლ ჭანტურიძე. 

პროცესზე პირველი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ნიკოლოზ ხურცილავა გამოიკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბერს, საღამოს 9-დან 10-საათამდე მივიდა, ძალადობრივი მოქმედებები 11 საათისკენ დაიწყო და დაზიანება მალევე მიიღო. 

"შემდეგ, არ ვიცი რატომ და რის გამო, დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. ეს არ იყო ერთი და ორი კაცი, იყო ათეულობით ადამიანი, რომლებიც ისროდნენ ქვებს, მსგავს მძიმე მასალებს პოლიციელების მიმართულებით. ჩვენ ვიდექით ჭიჭინაძის და რუსთაველის კვეთაზე. მომხვდა ქვა ტუჩზე, გამეხა, 6 ნაკერი მედო, 4 გარედან და 2 შიგნიდან". - განაცხადა მოწმე პოლიციელმა.

მისი თქმით, არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა. მოწმე პოლიციელის განმარტებით, ქუჩაზე სიბნელე იყო და ამიტომაც ვერ გააჩრია კონკრეტული პირი.

"ვინ მესროლა კონკრეტულად არ დამინახავს, ვერ ვხედავდით ვინ გვესროდა, იმიტომ რომ დაცვის რეჟიმში ვიყავით, რომ თავში არ მოგვხვედროდა, მაგრამ საუბედუროდ, მაინც მომხვდა სახის არეში". - თქვა ხურცილავამ.

რაც შეეხება ჯგუფურ მოქმედებებს, მოწმე პოლიციელის თქმით, "იყო ისეთი მომენტები, რომ ერთმანეთს აწოდებნენ ქვებს და ამიტომ ჩავთვალე, რომ ჯგუფებად მოქმედებდნენ".

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწმე პოლიციელს შეკითხვა დაუსვა ბრალდებულმა ვასილ კაძელაშვილმა, მოიმოქმედა თუ არა რამე, ან უთხრა თუ არა ვინმეს, რომ მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა:

რაზეც მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ აღნიშნული სროლის დროს ხდებოდა.

პროკურორმა გამოკითხვის დროს მოწმე პოლიციელს ძალადობრივი მოქმედებების დასაწყისზე კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:

"აღნიშნეთ, რომ როდესაც ადგილზე მიხვედით მიმდინარეობდა აქცია, ასევე აღნიშნეთ, რომ "ნაცებმა" დაიწყო ქვების სროლა სამართალდამცველების მისამართით, რომ აღწეროთ დეტალურად მომენტი, როდესაც დაიწყო აგრესიული მოქმედებები, რაში გამოიხატებოდა?" - ჰკითხა პროკურორმა მოწმეს.

რაზეც ხურცილავამ უპასუხა, რომ ესროდნენ "კრასკებს", კვერცხებს და სილით სავსე ბოთლებს:

"იყო შეურაცხყოფები, იძახდნენ რუსეთის პოლიცია ძირს, ვესროლოთ "კრასკები", კვერცხები, რის შემდეგაც დაიწყეს მოწოლა პოლიციელების მიმართ, შემდეგ უკან გადიოდნენ და გვესროდნენ მძიმე ნივთებს, ისროდნენ ქვებს, ბოთლებში ჩაყრილ სილებს, სხვადასხვა მძიმე ნივთებს. ხელები გვქონდა აფარებული, გააზრებული გვქონდა რომ შეიძლებოდა ტანში მოგვხვედროდა, მაგრამ ვცდილობდით თავში არ მოგვხვედროდა". - თქვა მოწმე პოლიციელმა. 

მისი თქმით, იმდენი მოქალაქე და ათეულობით ძალადობრივი ჯგუფი იყო, რომ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, "აქეთ პოლიციელები ვიყავით დასაცავები" - აღნიშნა მან.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა, თქვენ ხომ ზუსტად არ იცით, რომ თქვენზე ძალადობა იმიტომ განხორციელდა, რომ პოლიციელი იყავით? რაზეც მოწმემ უპასუხა: - "ზუსტად ვიცი, რომ იმიტომ განხორციელდა ჩემზე ძალადობა, რომ პოლიციელი ვიყავი".

ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე - ეს ცოდნა, რას ეყრდნობა? მოწმემ თქვა, რომ "როდესაც იქ იდგა მოქალაქეები იძახდნენ ძირს რუსეთის პოლიცია და გვესროდნენ სხვადასხვა ნივთებს".

მოწმე პოლიციელის თქმით, ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არ იცის ვინ ესროლა ქვა. 

ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რადგან, როგორც ხურცილავამ აღნიშნა, აქცია მშვიდ ვითარებში მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი აგრესიული გახდა, ხომ არ იცის, რამ გამოიწვია ძალადობრივი მოქმედებები - რა გახდა აგრესიის მიზეზი.

"მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი და გახდნენ აგრესიულები, არ ვიცი, ვინც მოვიდა შეიძლება ის იყო აგრესიული" - თქვა მოწმე პოლიციელმა.

ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ხურცილავას ჰკითხა დასვრილი იყო თუ არა მისი ფორმა სისხლით, რაზეც მოწმე პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა. 

ასევე ავსაჯანიშვილმა ჰკითხა, საქმის ტომები მას შეკერილ მდგომარეობაში გადასცეს თუ არა, რაზეც ხურცილავამ უპასუხა:

"როგორც მახსოვს, დიდი ალბათობით, შეკერილ მდგომარეობაში იქნებოდა".

მოწმე პოლიციელს შეკითხვები დაუსვეს ბრალდებულებმაც. ზვიად ცეცხლაძემ ხურცილავას ჰკითხა, თუ ახსოვს, რა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის მონაწილეები, რაზეც მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ "ისეთი სიტყვები იყო, აქ ვერ გაიმეორებს".

ცეცხლაძემ ასევე ჰკითხა, აგრესიის დაწყებამდე, მომიტინგეებს შეამჩნია თუ არა რაიმე სამზადისი, რაზეც მოწმე პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სპეციალური აღჭურვილობა, რომ გქონოდათ მიიღებდით თუ არა დაზიანებას, ან გაქვთ თუ არა ასეთი აღჭურვილობა - ჰკითხა ცეცხლაძემ ხურცილავას, რაზეც მოწმე პოლიციელმა, თქვა რომ ზოგადად ეგეთ აღჭურვილობებს არ იყენებენ.

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა, იყო თუ არა მისი ან მისი თანამშრომლების მხრიდან, აქციის მონაწილეობის მიმართ შეურაცხყოფა ან გინება, რაზეც ხურცილავამ უარყოფითი პასუხი გასცა - "მე სანამ იქ ვიყავი, მსგავსი ქმედება არ ყოფილა".

ასევე ვასილ კაძელაშილმა ასევე ჰკითხა, რომ შეეძლო თუ არა გაერჩია ეს ძალადობრივი ჯგუფები, აქციის მონაწილეები იყვნენ თუ შემოგზავნილი პროვოკატორები

რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ ამაზე პასუხს ვერ გასცემს, რადგან არ ჰგონია, რომ "10 000 კაცში, ვინმე 200, 300, ან 400 იყოს შემოგზავნილი".

თორნიკე გოშაძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ რომელიმე პოლიციელმა აქციის მონაწილე, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა, უსამართლობისგან დაიცვა.

რაზეც მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ "არ იცის, ალბათ იქნებოდა".

გოშაძემ დაამატა, "იმიტომ ხომ არ გაქვთ, ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა?".

გოშაძე: ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, რატომ გამოიყენა ძალადობრივი ქმედებები სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რატომ დაამტვრია თავ-პირი ახალგაზრდებს?

ხურცილავა: - არ ვიცი.

გოშაძე: - კამერები არის თუ არა განლაგებული იმ ქუჩაზე, სადაც იყავით

ხურცილავა: - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, კი, ალბათ იქნება.

გოშაძე:- მაშინ რა სირთულეს წარმოადგენს, იმ ადამიანის ამოცნობა, ვინც ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გოშაძის ბოლო შეკითხვა განარიდა.

ვეფხია კასრაძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, ხომ არ დაინტერესდა, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების აგრესია. რაზეც ხურცილავამ უარყოფითი პასუხი გასცა - "ფიზიკურად არ მგონია, პასუხი ვინმეს ჰქონოდა, აქციის მონაწილეებთან მისაუბრია და პასუხს ვერ გამცემდნენ". - თქვა ხურცილავამ.

მოწმე პოლიციელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საავადმყოფოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას მოწმეს, საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციიდან ამონარიდი წაუკითხა:

"პაციენტი შემოსულია კლინიკაში სასწრაფო დახმარების, 112-ის მიერ" - წერია დოკუმენტაციაში. 

ავსაჯანიშვილი: - ეს რომ დაგიწერეს, ახლა თქვენ გვატყუებთ თუ ექიმი გვატყებს?

ხურცილავა: - არ ვიცი ექიმმა იქ რა დაწერა.

ავსაჯანიშვილი: - მარტივი შეკითხვაა, ეს რომ დაგიწერათ ექიმმა, ექიმი გვატყუებს თუ თქვენ გვატყებთ ახლა?

ხურცილავა: - მე როგორც ვთქვი, მივედი მანქანით, არ მივსულვარ სასწრაფო დახმარებით. 

ავსაჯანიშვილი: - არ ვენდოთ ხო ამ ექიმის ჩანაწერს?

ხურცილავა: - შეიძლება ექიმს აერია. 

საქმეზე პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. 

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები