აშშ და ჩინეთი, სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით, შემდეგი 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასული კვირის ბოლოს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 145%-იან ტარიფს 30%-ით შეამცირებს, ხოლო პეკინი ამერიკულ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 125%-იან ტარიფს – 10%-ით.
გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები გაიზარდა; აშშ-ს ფლაგმანური ინდექსის, S&P 500-ის ფიუჩერსები 2.8-ით, ხოლო ამერიკული დოლარის ღირებულება სხვა მნიშვნელოვან ვალუტებთან მიმართებით 0.7%-ით გაიზარდა. თუმცა ოქროს ფასი, რომელიც ჩვეულებისამებრ სტაბილურ და უსაფრთხო ინვესტიციას წარმოადგენს, 2.3%-ით დაეცა.
"ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გვსურს და ვფიქრობ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არცერთ მხარეს არ სურს". - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 12 მაისს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ომის ესკალაცია აპრილში დაიწყო, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე დამატებითი "საპასუხო" ტარიფები დააწესა, ჯამში 145%-იანი, რასაც ჩინეთმა, თავის მხრივ, 125%-იანი ტარიფით უპასუხა.
ტარიფების სახით, "სადამსჯელო" ზომებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ბესენტმა გასულ თვეში აღიარა, რომ სიტუაცია არამდგრადი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის შეთანხმება ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს უფრო გრძელვადიანი ზავისკენ, ის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაძაბულობების შემსუბუქების პირველი ნიშანია.
ჟენევაში ტარიფებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, ბესენტმა თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფების მოცულობა პრაქტიკულად სავაჭრო "ემბარგოს" წარმოადგენდა.
აშშ-ს მსხვილი კომპანიების ლიდერები, მათ შორის, JPMorgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი, ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონსა და პეკინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალი სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა.
ტრამპთან შეხვედრაზე Walmart-ისა და Target-ის დირექტორებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ ტარიფების გამო მათ მაღაზიებში შესაძლოა, პროდუქტების დეფიციტი შექმნილიყო.
თუმცაღა ამ დრომდე არც ერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას არ ავლენდა. ჩინეთის ოფიციალური პირები აშშ-ს ეკონომიკურ "ბულინგში" ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ტრამპის სატარიფო პოლიტიკის წინაშე კაპიტულაციას არ აპირებენ.