თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორისო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეწყვეტის ისტორიული გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და თურქეთი მზად არის შეიტანოს ნებისმიერი წვლილი, მათ შორის, მოლაპარაკებების ორგანიზების მხრივ, რათა მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მყარი მშვიდობა". - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერდოღანმა საუბარში ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მნიშვნელოვანია გაგრძელდეს თანამშრომლობა უკრაინასა და რუსეთს შორის მუდმივი სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პროცესში".
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.





