უკრაინა-უნგრეთი

უნგრეთმა ქვეყნიდან СБУ-ს ჯაშუშობის ბრალდებით ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო
Szijjártó Péter/Facebook

უნგრეთმა ქვეყნიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. განცხადება ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკეთა. 

აღნიშნულს წინ უძღვის ამავე დღეს, 9 მაისის დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდა.

"დღეს ჩვენ უნგრეთიდან ორი ჯაშუში გავაძევეთ, რომლებიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში დიპლომატიური სტატუსით ინიღბებოდნენ". - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში

ამავე ვიდეოში სიიარტომ უკრაინა ცილისწამებაში და "ანტიუნგრული პროპაგანდის" გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა. 

"მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ანტიუნგრული პროპაგანდა სულ უფრო და უფრო იზრდება. უნგრელების წინააღმდეგ ბოლო ცილისწამების კამპანიას იგივე მიზეზი აქვს, როგორც სხვა დანარჩენებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა და ომზე უარს ვამბობთ. 

ჩვენ უკრაინისთვის იარაღი არასდროს მიგვიწოდებია და არც არასდროს მივაწოდებთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია მათთვის უფლება, ჩაეთრიათ უნგრეთი ამ ომში და არც არასდროს მივცემთ. ეს არის მიზეზები ამ ცილისმწამებლური მოქმედებებისა, რომლებსაც უნგრეთის წინააღმდეგ ახორციელებენ და ეს არის მიზეზები, რატომაც უკრაინამ უნგრეთისა და უნგრელების წინააღმდეგ ამ ბოლო დროს ცილისმწამებლური მოქმედებები წამოიწყო". - დაადანაშაულა სიიარტომ უკრაინა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის "ამგვარ ქმედებებს უნგრეთი და უნგრელები ვერ მოითმენენ", რის გამოც ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ორი უკრაინელი დიპლომატი. სიიარტომ ვიდეოში ასევე თქვა, რომ ორი პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ელჩს უკვე ეცნობა. 

ცნობისთვის, 9 მაისის დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდა.

"უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ისტორიაში პირველად გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა." - ნათქვამია განცხადებაში.

СБУ-ს განცხადების მიხედვით, ამ ქსელის მიზანი იყო შეეგროვებინათ ინფორმაცია ზაკარპატიის ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ, მოეძებნათ რეგიონში სახმელეთო და საჰაერო დაუცველი წერტილები და შეესწავლათ ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებები, კერძოდ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ რეგიონში უნგრელი სამხედროები შევიდოდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ СБУ-ს მოქმედებების შედეგად დაკავებულია უნგრული სადაზვერვო ქსელის ორი ჯაშუში. გამოძიების მტკიცებით, ორივე ფიგურანტის რეკრუტირება უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა მოახერხა. ეს ადამიანი СБУ-ს მიერ იდენტიფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი არის 40 წლის ყოფილი სამხედრო ზაკარპატიის ბერეგივსკის რაიონიდან. СБУ-ს ცნობით, ის უნგრულმა სპეცსამსახურმა ჯერ კიდევ 2021 წელს გადაიბირა და კურატორმა 2024 წლის სექტემბერში "გააქტიურა". უწყების მიხედვით, მაშინ ამ პირმა მიიღო დავალება მოეპოვებინა შემდეგი ინფორმაცია: როგორი რეაქცია ექნებოდა ზაკარპატიის მოსახლეობას, თუ ოლქში უნგრეთის სამხედროებით დაკომპლექტებული სამშვიდობო კონტინგენტი შევიდოდა; რა სახის იარაღის შეძენა იყო შესაძლებელი ზაკარპატიის შავ ბაზარზე; როგორია რეგიონის უნგრელი მოსახლეობის მიგრაციის სიტუაცია; რამდენად დაკომპლექტებულია რეგიონის სამართალდამცველი ორგანოები და რაა მათი რაოდენობა.

СБУ-ს მტკიცებით, ამ დავალებების შესრულების შემდეგ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი პირადად ზვერავდა უკრაინის თავდაცვის ძალების განლაგებასა და С-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კომპლექსების განლაგების კოორდინატებს.

ჯაშუშობაში ბრალდებული პირი უნგრეთში გადავიდა, სადაც, СБУ-ს ცნობით, კურატორს შეგროვებული ინფორმაცია გადასცა და ანაზღაურება მიიღო. ამას გარდა, განცხადების მიხედვით, ეს ადამიანი ცდილობდა ინფორმატორთა ქსელის შექმნას და სულ მცირე ორი ადამიანის გადაბირება სურდა.

СБУ-ს ინფორმაციით, ჯაშუშობაში ბრალდებულმა პირმა 2025 წლის მარტში კურატორთან მეორეჯერ შეხვედრა შეძლო და მიიღო მობილური ტელეფონი სპეციალური საკომუნიკაციო პროგრამით. მიიღო ახალი დავალებაც, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივი თანამშრომლების საავტომობილო ნომრები მოეპოვებინა, გადაეცა ინფორმაცია ომში უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე. 

მეორე დაკავებული პირი არის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამსახური 2025 წელს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას ევალებოდა უნგრული სპეცსამსახურების ინფორმირება ზაკარპატიის ოლქში კერძო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესახებ, ასევე ცნობები იმ სამხედრო ნაწილის თავდაცვის სისტემების შესახებ, სადაც თავად მსახურობდა.

ჯაშუშობაში ბრალდებული პირები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ზაკარპატიის ოლქი უნგრეთს ესაზღვრება და აქ უნგრული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ.

კომენტარები