ნაციზმე გამარჯვების დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა.
"ხვალ (9 მაისს), ნაცისტების მხეცობებზე ილაპარაკებს ადამიანი, რომელიც ბუჩაში ძმათა სასაფლაოს მოწყობის ორგანიზატორია. და ლენინგრადს ბლოკადაზეც იქ ისაუბრებენ ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან სამყაროს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 80 წლის წინ: ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო". – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
8 მაისს აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმი ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის სი ძინფინგი დაესწრებიან.
28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.
"ცეცხლის შეწყვეტის" ფონზე რუსეთმა 8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე სუმის რეგიონი დაბომბა.
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.
3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





