რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბესენტმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და ბაიდენი რუსეთზე "სუსტი" სანქციებისთვის გააკრიტიკა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი 7 მაისს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დაეთანხმა კონგრესმენს, რომ პუტინი "ომის დამნაშავეა" და ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ "სუსტი სანქციების" დაწესებისთვის გააკრიტიკა.

კითხვაზე, "მიგაჩნიათ თუ არა ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავედ", ბესენტმა უპასუხა, რომ "დიახ". თუმცა, თანმდევ კითხვაზე, გამართავდა თუ არა იგი მოლაპარაკებებს ომის დამნაშავესთან, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა დაამატა, რომ "დიპლომატიის ბუნებაც" სწორედ ესაა.

"მჯერა, რომ იაპონელებთან მოლაპარაკება საჭირო იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ". - განმარტა მან საკუთარი პოზიცია.

ამასთანავე, ბესენტმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "სუსტი" პოლიტიკა გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის პოლიტიკით ნავთობზე გამოწვეული ფასების ვარდნით, რუსეთის ომის მანქანას რეალური ზიანი ადგება.

"ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან და უკრაინის დახმარების მიმართ დიდი დიქოტომიით მოქმედებდა: ერთი მხრივ, ისინი დახმარებას აძლევდნენ უკრაინის მთავრობას და, მეორე მხრივ, მათი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან სუსტი იყო. სანქციები მხოლოდ დაბალი დონის ნავთობ კომპანიების წინააღმდეგ იყო, ზღვარი იყო დაწესებული ფასზე, რომელსაც არასდროს უმუშავია. 

თანამდებობის დატოვებისას მამაცობის გამოჩენით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სანქციები გაზარდა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას აწუხებდა ნავთობის ფასის არევა, არჩევნების პერიოდში ნავთობის ფასების აწევა. 

ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია, ჩვენი ენერგიის მხრივ სიჭარბითა და ენერგო ბაზრის მიმართ გზავნილებით... ნედლი ნავთობი ამ დრომდე დაახლოებით 20%-ით არის ჩამოსული და დღეს დილით დიდი ინტერესით წავიკითხე, რომ რუსეთის ფედერაციის შემოსავლები 12%-ით დაეცა წინა თვეში, რაც დარტყმას მიაყენებს რუსულ ომის მანქანას". - აღნიშნა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა. 

კომენტარები