სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებული რამდენიმე ადამიანის საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს, რომელიც 2022 წელს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმას განიხილავდა და ბრალდებულები თითქმის სრულად გაამართლა.
ორგანიზაციის ცნობით, დავით მგელიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2013 წლიდან, ხოლო 2019 წლიდან ის უვადოდ არის განწესებული აღნიშნულ თანამდებობაზე.
"სასამართლო სისტემაში მისი კარიერა უკავშირდება როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში მიღებულ პოლიტიკურად მგრძნობიარე გადაწყვეტილებებს. 2012 წელს მგელიაშვილი გიორგი დარახველიძესა და ბესიკ ბუგიანიშვილთან ერთად ერთდროულად გადმოიყვანეს თბილისში და დანიშნეს ბაჩო ახალაიას საქმის განმხილველ მოსამართლედ.
იმ დროისთვის მიღებული გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს შიდა დაპირისპირებასა და საქმეთა განაწილების პროცესში შესაძლო მანიპულაციებზე მიანიშნებდა. დავით მგელიაშვილი ასევე ფიგურირებს ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, ბადრი პატარკაციშვილის, მეგის ქარდავასა და სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. 2022 წელს მან განიხილა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი თავდასხმის საქმე და თითქმის სრულად გაამართლა ბრალდებულები, რამაც სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია." - წერია განცხადებაში.
მგელიაშვილი განიხილავს რეჟიმის პატიმრების: ანზორ კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძისა და გიორგი ახობაძის საქმეებს.
"მისი წარსული გამოცდილება, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალური მიდგომა და “კლანურ” სტრუქტურებთან კავშირები, კითხვებს აჩენს აღნიშნული საქმეების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე." - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები, რეჟიმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან.





