რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პესკოვი: 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინისგან არა ბუნდოვანი, არამედ მკაფიო პასუხი გვსურს

კრემლის განცხადებით, რუსეთს უკრაინის მხრიდან ზუსტი პასუხი სჭირდება ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისთან დაკავშირებით გამოცხადებულ 3-დღიან "ცეცხლის შეწყვეტაზე".

რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლის თავთან დაკავშირებით 8-დან 11 მაისის ჩათვლით "ცეცხლის შეწყვეტა" 28 აპრილს გამოაცხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მედიასთან მიცემული კომენტარის საპასუხოდ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 3 მაისს სპეციალური პრესკონფერენცია ჩანიშნა. ზელენსკიმ პუტინის "ინიციატივას" "თეატრალური დადგმა" უწოდა. 

პესკოვმა რეპორტიორებს უთხრა, რომ პუტინის 3-დღიანი შეთავაზება ტესტია კიევის მზაობის შესამოწმებლად ომის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის. მისივე თქმით, რუსული მხარე უკრაინის ხელისუფლებისგან "არა ბუნდოვან, არამედ მკაფიო" განცხადებას მოელის. 

 "უკრაინის ხელისუფლების რეაქცია რუსეთის ინიციატივაზე, შეწყვიტოს ცეცხლი, მშვიდობისთვის უკრაინის მზაობის ტესტია. და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მოველით არა ბუნდოვან, არამედ მკაფიო განცხადებას და, რაც ყველაზე მთავარია, მოქმედებებს, რომლებიც საჯარო დღესასწაულებზე კონფლიქტის დეესკალაციისკენ იქნება მიმართული". - თქვა პესკოვმა. 

კრემლის პრესსპიკერმა უკრაინის ხელისუფლება, ტრადიციულად, "ნეო-ნაციზმსა" და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების თარიღის არასათანადოდ აღნიშვნაში "დაადანაშაულა". 

კრემლი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინელი სამხედროების მიერ, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ბრიტანეთში დაგეგმილ ღონისძიებებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. პესკოვმა ამას "მკრეხელობა" უწოდა. 

ცნობისთვის, 3 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება  9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი რეალური ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ნამდვილად მზად არის, "ამერიკულ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი და 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ". 

"ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ეს არის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა შემოგვთავაზებს. ჩვენ მას მივდევთ. ამ თარიღით ან სხვა თარიღით - სასურველია, უფრო ადრე. ასე რომ, მოდით, 30 დღით ვცადოთ. რატომ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით? რადგან შეუძლებელია სამ, ხუთ, შვიდ დღეში რამეზე შეთანხმება.". 

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ხარისხიანი მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია. 

"ეს უფრო მეტად თეატრალური დადგმაა მისი მხრიდან. რადგან ორ-სამ დღეში ომის დასრულების შესახებ შემდგომი ნაბიჯების ნებისმიერი გეგმის დასახვა შეუძლებელია. 

სწორედ ამიტომ ჩანს, რომ ეს არ არის ძალიან სერიოზული, არამედ ძალიან არასერიოზულია. არავინ აპირებს, რომ პუტინს დაეხმაროს და ითამაშოს, რათა 9 მაისს პუტინს იზოლაციიდან გამოსვლის მსუბუქი ატმოსფერო შეუქმნას და ყველამ, იმ ლიდერებმა, პუტინის მეგობრებმა ან პარტნიორებმა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ, თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს.

ჩვენ ან უბრალოდ ვართ ომში ან პუტინი აჩვენებს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, რაც ომის დასრულების პირველი ნაბიჯია. ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ პირველ, სამ, ხუთ [მაისს]. თუ მას 7 [მაისი] სჭირდება თარიღად, ჩვენთვის სულერთია. 7 [მაისიდან] 30 დღის განმავლობაში". - თქვა ზელენსკიმ. 

ამავე დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.

ცნობისთვის, რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.

პუტინმა 28 აპრილს განაცხადა, 8-დან 11 მაისის ჩათვლით, 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით, რუსული მხარე ფრონტის ხაზზე ცეცხლს შეწყვეტს. 

რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს. 

კომენტარები