რუსული მედია РБК 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით პუტინის აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების ვინაობას ავრცელებს.
გამოცემა საკუთარ წყაროებსა და სამთავრობო მედიებს, ТАСС-სა და РИА Новости-ს ერყდნობა.
РБК-ის მიხედვით, შემდეგმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 9 მაისს პუტინის აღლუმში მონაწილეობას გეგმავენ:
- ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა
- სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი
- ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი
- სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო
- ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი, მილორად დოდიკი
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი
- სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი,
- ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო
- პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი
- ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა დე სილვა
- ბურკინა ფასოს ლიდერი, იბრაჰიმ ტრაორე
- ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო
- ვიეტნამის ლიდერი, ტო ლამი
- კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიაზ-კანელი
- ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი
- თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი
- უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიევი
- ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი
- ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი
RBC აღნიშნავს, რომ აღლუმს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონი გუტერეში არ დაესწრება.
გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მიწვეულები არიან, თუმცა დასწრება არ დაუდასტურებიათ მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგინ ხურელსუხსა და ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის,
მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ამის ფონზე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
თუმცა, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მოწინავე დიპლომატის, კაია კალასის, გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
მოგვიანებით, 16 აპრილს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თქვა, რომ კვლავ აპირებს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ვლადიმირ პუტინის სამხედრო აღლუმს დაესწროს.
ვუჩიჩმა, რომელსაც ხშირად პრორუსული ხედვები აქვს გამოთქმული, რეპორტიორებს განუცხადა, რომ 9 მაისის აღლუმში სერბეთის სამხედრო დანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი აღლუმის "ერთობლივად" ორგანიზებაში მონაწილეობს.
მანამდე, რუსულ სამთავრობო მედიაში ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ წინასწარ გავრცელებული ცნობების პასუხად, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ვუჩიჩი გააფრთხილეს, რომ მოსკოვში ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და ბლოკში სერბეთის გაწევრიანების მისწრაფებებს სწორი გზიდან გადაიყვანს.
"გვესაჭიროება უზრუნველვყოთ, რომ მათ ესმოდეთ - მსგავსი გადაწყვეტილებები ფასს მოითხოვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა. "შედეგი ის იქნება, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ". - განმარტა მან.
ვსევიოვმა დაამატა, რომ "რუსები აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხალხი დასწრებოდა... ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტმუსის ტესტია. რეალურად, ჩვენ ვუყურებთ, ჩვენს მხარეს არიან ისინი, თუ მეორე გუნდის მხარეს თამაშობენ".
გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას.
მანამდე, მანამდე თებერვალში ფრანგულმა გაზეთმა, Le Point-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა დაუდასტურებელი ცნობები, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლასა და ვლადიმირ პუტინთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა.
მოგვიანებით, 22 თებერვალს ტრამპმა უარყო Le Point-ის დაუდასტურებელი ცნობები და თქვა, რომ 9 მაისს მოსკოვში მისი ვიზიტი არ იგეგმება.
ცნობა კრემლმაც უარყო, როკმლის თანახმად, 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასწრება არ იგეგმება.