ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა 3 მაისთან, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მის კოლეგებს განცხადებით მიმართა.
ამაღლობელის მიმართვას სრულად გთავაზობთ.
"გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ.
ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, მარტო არ ხარ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან" ამბობს მზია ამაღლობელი". - ამბობს მზია ამაღლობელი მიმართვაში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





